პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც პირველი იანვრიდან თამბაქოს მოხმარება იკრძალება ტაქსიში, სანაოსნო საშუალებებში, ასევე ავტომობილში არასრულწლოვნის გადაყვანისას
პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც პირველი იანვრიდან თამბაქოს მოხმარება იკრძალება ტაქსიში, სანაოსნო საშუალებებში, ასევე ავტომობილში არასრულწლოვნის გადაყვანისას

პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოხმარება აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.

თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში – ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანა მოხდება.

კანონს დაემატა ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება, იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, არ დაუშვას თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო კანონპროექტის ის ნორმა, რომელიც ეხება 2025 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსების შესაძლებლობას შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, 2022 წლის პირველი იანვარი მიჩნეულ იქნა გონივრულ ვადად, რათა დროულად ამოქმედდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ხოლო კანონის გარდამავალ დებულებაში შესატანი ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.