თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა
თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა

თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა. ამის შესახებ განცხადებას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მატულობს მოქალაქეების შეტყობინებები, რომ თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზე ავტობუსები თამბაქოს კვამლით არის გაჟღენთილი.

მათივე ცნობით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგი ჩაატარა. კერძოდ, სხვადასხვა ქალაქში შემოწმდა სატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი მიმართავს მოქალაქეებს, მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტი მიაწოდონ როგორც „112“-ს, ასევე თავად ალიანსს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორივე შემთხვევაში კონფიდენციალობა დაცული იქნება.

„ამინდის გაუარესებისთანავე, მატულობს მოქალაქეების შეტყობინებები, რომ თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზე ავტობუსები თამბაქოს კვამლით არის გაჟღენთილი. მონიტორები საგანგებო დააკვირდებიან იმ უბნებში ბოლო გაჩერებებს, საიდანაც უკმაყოფილო მგზავრების უმრავლესობა გვეხმიანება. მგზავრების გულისწყრომა სრულად გამართლებულია და დამრღვევი მძღოლების ფაქტებზე აუცილებლად მოხდება შესაბამისი რეაგირება. ამ დრომდე გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანია, ბოლო გაჩერებებზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერება სათვალთვალო კამერების წინ სავალდებულო გახადოს და მწეველი მძღოლებისთვის ნახევრად ღია ჯიხურები დაიდგას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლების მხრიდან მოწევის წესების რეგულაციის დარღვევები ქუთაისშიც დაფიქსირდა. ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე მომუშავე კომპანიები გააფრთხილა, რომ შემდეგში თითოეული დამრღვევი დაჯარიმდება.

ქუთაისიდან უმეტესად შეტყობინებები მოდის ტაქსებში მოწევის რეგულაციების დაღვევის შესახებ. მისასალმებელია მოქალაქეების აქტიურობა, მაგრამ თუ საჩივარს ფაქტებით არ გაამყარებენ, აღმასრულებელ ორგანოებს ვერ შეეძლებათ შესაბამისი რეაგირება. ამიტომაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მივმართავთ, შესაძლებლობების ფარგლებში, როგორმე, მობილური ტელეფონით, ან სხვა, გადამღები საშუალებით დააფიქსიროთ მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტი და მოგვაწოდოთ, ან მიაწოდოთ „112“-ს. ორივე შემთხვევაში კონფიდენციალობა დაცული იქნება.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, აგვისტოს თვეში მონიტორინგის შედეგად, სამიზნე ქალაქებში შემოწმდა 281 სატრანსპორტო საშუალება, აქედან 89 სატრანსპორტო საშუალება თბილისში, ხოლო 192 – რეგიონებში. ასევე შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა. მონიტორინგი ჩატარდა 687 დაწესებულებაში, აქედან 206 დაწესებულების თბილისში, ხოლო 481 დაწესებულების – რეგიონებში.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დაწესებულებების მცირე ნაწილი კვლავაც სავალდებულოდ არ მიიჩნევს შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელ სტიკერებს. დაწესებულებების 45,9%-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ტიპის დამრღვევთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულებები.

სამწუხაროდ, ქუჩის ბაზრობებსა და დახლებზე კვლავაც ფიქსირდება სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის ხილულად რეალიზაციის ფაქტები, რადგან ამ ტიპის ლოკაციებზე რეაგირება სცილდება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საზღვრებს და ეხება გარე ვაჭრობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რომლებიც ეფექტურად ვერ აღკვეთენ დარღვევებს.

ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ რეგულაციები ირღვევა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამების სახითაც. მეტწილად ვაწყდებით თუთუნის რეკლამას“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.