ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია.

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ. მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომლებიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე. ცვლილების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია, ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ინფორმაციას საქართველოს პარალმენტის პრესამსახური ავრცელებს.