შალვა პაპუაშვილი - თამბაქოსთან დაკავშირებით ხუთი წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლითაც ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია, იამაყოს
შალვა პაპუაშვილი - თამბაქოსთან დაკავშირებით ხუთი წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლითაც ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია, იამაყოს

დღევანდელ დღეს ხაზგასასმელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებზე მორგებული პოლიტიკა ჰქონდეს სახელმწიფოს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია, იამაყოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში – ზოგადად ჯანდაცვისა  და სოციალური მიმართულებით, თამბაქოსთან დაკავშირებით კი ხუთი წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკით თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა, რაც, ერთი მხრივ, თავად მომხმარებლების, ხოლო მეორე მხრივ, პასიურ მწეველებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის საშუალებაა.

„კვლევები აჩვენებს, თუ რამდენად დიდია მოსახლეობის მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ და ამას ჩვენც თვალნათლივ ვხედავთ. მნიშვნელოვანია ქცევისა და კულტურის ცვლილებაც, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად არ მოხდა. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად დაემთხვა ერთმანეთს სახელმწიფო პოლიტიკა და საზოგადოების განწყობა და სწორედ ამ შემთხვევებში არის შესაძლებელი, რომ წარმატებით იქნას დანერგილი ესა თუ ის პოლიტიკა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი შეზღუდვაა რეკლამირების კუთხით, მაგრამ არის დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის, 2024 წელს ძალაში შესასვლელი რეგულაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეზღუდავს თამბაქოს პროდუქტის რეკლამირებას, აქედან გამომდინარე კი შეზღუდავს თამბაქოს მოხმარებას.

„მინდა, ჯანდაცვის კომიტეტს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ საკანონმდებლო პოლიტიკის მხრივ ყოველთვის მზად არის, დაბალანსებულად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო საკმაოდ წარმატებული მაგალითია არა მხოლოდ რეგულაციების ცვლილების, შეზღუდვისა და მოწესრიგების კუთხით, არამედ კულტურისა და დამოკიდებულების ცვლილების თვალსაზრისით თამბაქოს პროდუქტის მიმართ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2017 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ქვეყანაში შეიზღუდა თამბაქოს მოხმარება და დაწესდა სრულიად ახალი წესები, რასაც ბევრი ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსი, საზოგადოების ნაწილი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა.

„ზუსტად „ქართული ოცნების“ გუნდმა საკანონმდებლო აქტის მიღებიდან ხუთ წელიწადში მართლაც შეუძლებელი შეძლო. ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს ამ კანონის მიღებას, ისევე როგორც 90 პროცენტზე მეტად არის დასუფთავებული ჰაერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 2016 წლიდან 2020 წლამდე თამბაქოს მოხმარება საქართველოში 31 პროცენტიდან 28 პროცენტამდე შემცირდა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, თამბაქოს კოლოფების დასურათება და მისი პიქტოგრამებით აღჭურვა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ნაკლებად მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდა თაობისათვის თამბაქოს შეძენა, მისი მოხმარება, თუნდაც შემდგომი რეალიზაცია.

„ამ კანონის აღსრულება, როგორც საქართველოში ხდება, ალბათ ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძიც კი არის. უნდა აღინიშნოს, თუ როგორ მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ქცევის ტრანსფორმაცია. დიახ, ჩვენს ეს შევძელით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ  თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, გაუდენ გალეამ და ჯანმრთელობის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.