გიორგი ამილახვარი - უმაღლესი განათლებისთვის რესურსები უკეთესად შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავატარებთ რეფორმას, რაც შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას
გიორგი ამილახვარი - უმაღლესი განათლებისთვის რესურსები უკეთესად შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავატარებთ რეფორმას, რაც შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას

დაახლოებით, ორ-სამწლიანი პერიოდი დასჭირდება, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება ეტაპობრივად, უფრო მეტად დავუახლოოთ, პირველ რიგში, სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებს და საბოლოო ჯამში, მივიყვანოთ იქამდე, რომ მეტი წილი დაფინანსება იყოს იმაზე, რაც მოთხოვნადია   და ნაკლები კი, არამოთხოვნად პროფესიებზე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„რესურსები, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია უმაღლესი განათლებისთვის, გაცილებით უკეთესად შეგვიძლია, გამოვიყენოთ და უკეთესი შედეგი მივიღოთ, თუ სხვადასხვა პრიორიტეტს სხვადასხვანაირად დავსახავთ. მთელი ამოცანა და ამ ყველაფრის დედააზრი არ გულისხმობს, რომ ჩვენ გვინდა, უმაღლეს განათლებაზე რამე ფორმით ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ. პროფესიული განათლებისგან განსხვავებით, უმაღლეს განათლებას არ აქვს მხოლოდ დასაქმების ამოცანა, მას გაცილებით სხვა ფუნქციების გადაჭრა უხდება; ეს არის ახალი ცოდნის შექმნა, მეცნიერული კვლევა, თუ სხვადასხვა საქმიანობა, უნივერსიტეტის მესამე მისია რასაც გულისხმობს. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ დასაქმების ფორმულა, ეს გაცილებით ფართო ცნებაა. ამიტომ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავატარებთ ისეთ რეფორმას, რომელიც რამე ფორმით, მათ შორის ფინანსურად შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, რეფორმა, რომელიც დაწყებულია და მუშაობაც აქტიურად მიდის, გულისხმობს, რომ შეუძლებელია, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, რომლებიც დღეს ფიქსირებული ფასით მუშაობენ, პროგრამების თვითღირებულების ხარჯების დაფინანსება მოახდინონ იმ საფასურით, რომელსაც დღეს იღებენ და პრაქტიკულად, მათი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილია.

„ეს არის სტუდენტებიდან მიღებული გადასახადები და მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამები. ამიტომ, ახლა ჩვენი ამოცანაა, იმ კვალიფიკაციებს, საერთაშორისო სტანდარტებს გავყვეთ, რომელიც დღეს დადგენილია“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, იმისთვის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები დამოკიდებული არ იყვნენ მხოლოდ სტუდენტთა გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებზე, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ე.წ. საბაზო დაფინანსების მოდელზე, რომ უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ სტაბილური ბიუჯეტი იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული, კვლევითი აქტივობებისთვის, სტუდენტთა სერვისთან, თუ სხვა, გარდა პირდაპირ სასწავლო პროცესის ხარჯებისა, ვინაიდან ისინი ორიენტირებული არ იყვნენ რაოდენობაზე და მეტი აქცენტი გააკეთონ ხარისხზე.

„შესაბამისად, დაფინანსების მოდელის მთავარი აქცენტი იქნება, სისტემა გადავრთოთ რაოდენობიდან ხარისხზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, უმაღლეს განათლებას საზღვრები არ გააჩნია და შესაბამისად, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც დღეს ზღუდავს ონლაინ და დისტანციურ განათლებას, რომელიც ხელს შეუწყობს, ქვეყანაში რაც შეიძლება, მეტი კონკურენტუნარიანი პროგრამა შეიქმნას თავიანთ ევროპელ, თუ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ამ ყველაფერს სამინისტრო ფინანსურად მხარს უჭერს.

„ეს იქნება ერთობლივი, თუ ორმაგი დიპლომების პროგრამები და მათ შორის, განსაკუთრებით ძლიერად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება, მეტი უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლობა შემოვიყვანოთ საქართველოში. საქართველოს თავისი უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტებით, მისი აღიარებით და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის რაოდენობით დღეს აქვს იდეალური შესაძლებლობა, რეგიონში გახდეს საგანმანათლებლო ფლაგმანი და განათლების ჰაბი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ 2024 წლიდან სამინისტროს ემატება ახალგაზრდული მიმართულება, 1-ელი იანვრიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, უწყება კიდევ უფრო გაძლიერებული ენერგიით და ძალიან საინტერესო პროგრამით წარდგება ახალგაზრდების წინაშე და მათი სტუდენტური, თუ სხვა ცხოვრება იქნება გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.