გიორგი ამილახვარი - ეროვნული თანხმობა არსებობს იმაზე, როგორი სკოლა უნდა ავაგოთ და როგორი მოქალაქის მიღება გვინდა
გიორგი ამილახვარი - ეროვნული თანხმობა არსებობს იმაზე, როგორი სკოლა უნდა ავაგოთ და როგორი მოქალაქის მიღება გვინდა

ეროვნული თანხმობა არსებობს იმაზე, როგორი სკოლა უნდა ავაგოთ და როგორი მოქალაქის მიღება გვინდა,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

„შესაბამისად, ეს საზოგადოების დაკვეთაც იყო და სხვანაირად ვერც გამოვიდოდა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ავაგეთ შემდეგ მთავარ პრინციპებზე – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებები, ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობით განმსჭვალული ადამიანის აღზრდა; სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის, ასევე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა. ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი ძირითადი პრინციპი, რაც ხაზგასმით უნდა ეწეროს იმ ფუძემდებლურ დოკუმენტში, რომელიც, პრაქტიკულად, არის კონსტიტუცია ზოგადი განათლებისთვის, რომ სწორედ ასეთი ადამიანის აღზრდა გვინდა და ეს პირდაპირ დეკლარირებულად არის ჩვენი გუნდის გაცხადებული კურსი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვაზე ზრუნვა, უნივერსალური ღირებულებები, ტექნოლოგიებთან ადაპტირება და ყველა ის უნარები, რაც ადამიანს სჭირდება, თანამედროვე ცხოვრებისთვის გამოიმუშაოს.

„ეს არის ის პირველადი მარცვალი, რომელზეც შემდგომ უნდა დაშენდეს ყველა საგნობრივი სტანდარტი და რომლის გადამუშავების პროცესიც ასევე დაწყებულია. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველა სახელმძღვანელო და სასწავლო რესურსიც უნდა პასუხობდეს ამ პოსტულატებს და, თავისთავად, მასწავლებელთა გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლება“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ადამიანი აღზრდილი უნდა იყოს პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე, ჰქონდეს თავისი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, ენის სიღრმისეული ცოდნა, პატივისცემა და პატივს სცემდეს ოჯახის ღირებულებებს.

„ეს არის ის ძირითადი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რაც მოცემულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში. პრაქტიკულად, საბოლოო ფაზაზე ვართ და უახლოეს მომავალში, ალბათ შემდეგ კვირაშიც კი, აღნიშნული ზგემ-ის პროექტი დაინიცირდება მთავრობაში“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, ისეთი პრინციპების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როგორიც არის ეროვნული იდენტობის განმტკიცება, რომელიც დღეს გვასაზრდოებს, სხვა გლობალურ უნივერსალურ ღირებულებებთან, მათ შორის, დემოკრატიულ პრინციპებთან და, მათ შორის, თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის აღზრდასთან ერთად, პრაქტიკულად, არის იმ ტიპის კამათი, სადაც კრიტიკოსები ამბობენ, საერთოდ რა საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს სუვერენიტეტი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეხება ყველა სკოლას, რომელიც ერთიანი ზოგადი განათლების სისტემაშია.

„ეს ეხება ყველა სკოლას, იქნება ეს კერძო, საჯარო თუ სხვადასხვა საწყისზე დაფუძნებული სკოლა, ვინაიდან ყველა ერთნაირ მინიმალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მას სკოლა ვუწოდოთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, იმ იდეიდან, მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, ამ დოკუმენტის განხორციელებით საბოლოო ჯამში მივიღოთ, არათუ მხოლოდ სკოლა, სამინისტროც კი ვერ შეძლებს ამ ძალიან ღირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხორციელებას, თუ არ მოხდა არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოების, არამედ მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპებისადმი.

„მგონი, ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ არის რაღაც საერთო ამოცანები, რომლებიც, მათ შორის, პოლიტიკაზე მაღლა დგება და აქ უნდა შევძლოთ, ადამიანების რაც შეიძლება დიდი რაოდენობა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის, როგორიც არის ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.