გიორგი ამილახვარი - უახლოეს ორ თვეში გვექნება განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელსაც მოერგება ყველა სხვა მიმართულება
გიორგი ამილახვარი - უახლოეს ორ თვეში გვექნება განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელსაც მოერგება ყველა სხვა მიმართულება

უახლოეს ორ თვეში გვექნება განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელსაც მოერგება ყველა სხვა მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ოცი წლის განმავლობაში არც შეცვლილა, არც განახლებულა, არც გადახედილა და ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ახალ ვერსიაზე. ეს პროექტი უკვე შექმნილია, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ განხილვებისთვის ფართო საზოგადოებას, ორგანიზაციებს თუ პირებს, ვინც დაინტერესებულია ამ კუთხით და მივიღებთ შესაბამის უკუკავშირებს; შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი აქტიურად არის ჩართულია და, ჯამში, იანვარ-თებერვლის თვეში, გვინდა, სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურებით აღნიშნული დოკუმენტი დავამტკიცოთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი განსაკუთრებული სამიზნე არის მასწავლებელი და მასთან დაკავშირებული საკითხები თუ რიგი გამოწვევები.

„ჩვენ დავიწყეთ ანალიზი, დაკვირვება, კვლევა, სიღრმისეული შესწავლა და, შესაბამისად, აქ უკვე გვაქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მინდა, თქვენს გადაცემაში ახლა პირველად ფართოდ გავშალო. სკოლის ბაზაზე გვინდა, დავიწყოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ჩვენ უარს ვამბობთ სავალდებულო ტრენინგებზე, რომელიც დღეს მასწავლებელთა სახლის მხრიდან განსაზღვრული აქვთ მასწავლებლებს. შემდგომი წლის იანვრიდან უკვე საერთოდ გვინდა, მასწავლებლის სახლის ფილოსოფია შევცვალოთ. ეს ნიშნავს შემდეგს – ჩვენ გვინდა, დავეყრდნოთ მასწავლებლის საჭიროებებს, გავიგოთ, რა სჭირდება მას, ამის იდენტიფიცირება-შესწავლა მოვახდინოთ სკოლის დონეზე და სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით, სამინისტრომ და შესაბამისმა სააგენტოებმა ამის შესაბამისად უზრუნველყონ სერვისების, ტრენინგმოდულების, განმავითარებელი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სერვისების მიწოდება, რომელიც მასწავლებელს სჭირდება. რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში იარსებებს ისეთი ზოგადი სახის სერვისები, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, მაგრამ ეს არ იქნება სავალდებულო. ეს დამოკიდებული იქნება მასწავლებლის ნება-სურვილსა და მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „სამინისტრო მასწავლებელთა პულსის ცემას მიჰყვება და ასრულებს დაკვეთას, რაც სისტემაში წლების განმავლობაში არის“.

„ვცდილობთ, ამას მოვერგოთ, აღვასრულოთ და არა ის, რაც მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრს მიგვაჩნია სწორად“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარება.

„სახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ღირსეულ ანაზღაურებას სტატუსის მქონე ყველა მასწავლებლისთვის და ამის პარალელურად, უწყვეტად, როგორც იტყვიან, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიზრუნოთ მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარებაზე. რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და, რა თქმა უნდა, სტატუსების მოპოვების გაუმჯობესებული სისტემა უნდა შევქმნათ, ისევ და ისევ ფართო ორგანიზაციების ჩართულობით. ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი. აქ ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ფუნქცია, სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და ეს არ უნდა იყოს ერთი პატარა კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარმა დაანონსებულ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის იქნება გაცილებით სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და, რაც მთავარია, ზრდაზე ორიენტირებული.