გიორგი ამილახვარი - როცა ვახსენეთ ეროვნული, პატრიოტული, წამოვიდა წინააღმდეგობა, ევროპის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ზოგადი განათლების საფუძვლის დოკუმენტს, სადაც მსგავსი იდეოლოგია არ არის
გიორგი ამილახვარი - როცა ვახსენეთ ეროვნული, პატრიოტული, წამოვიდა წინააღმდეგობა, ევროპის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ზოგადი განათლების საფუძვლის დოკუმენტს, სადაც მსგავსი იდეოლოგია არ არის

ჩვენს პროექტში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებში არის უნივერსალური ზოგადი ღირებულებები, გლობალური მოქალაქე და ყველა ის თანამედროვე ასპექტი, თუ გამოწვევა, რომელიც დღეს თანამედროვე მოქალაქის ჩამოყალიბებას სჭირდება, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

„როცა ეს დავაანონსეთ და ვახსენეთ ეროვნული, პატრიოტული, ოჯახი და სხვა მსგავსი ღირებულებები, მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა. მე არ მესმის, რა არის ამაში უჩვეულო და განსხვავებული? ჩვენ არ გვინდა, ასეთი მოქალაქეები გავზარდოთ? ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ წერტილოვნად. დაგეგმილია და ამას მოჰყვება შესაბამისი ყველა საგნობრივი სტანდარტის გადახედვა, რადგან შვიდწლიანი ციკლი მოუწია და ეს გიორგი ამილახვარს არ წამოუწყია. მე მივყვები იმას, რაც სწორია მეთოდოლოგიურად. ბუნებრივია, შემდგომ ყველა სახელმძღვანელოს მოუწევს მასთან მორგება. ეს ჯამში, სადღაც, ორ-სამწლიანი პროცესია და ასე ერთ თვეში ვერ ხდება. ბუნებრივია, სასწავლო გეგმებსაც მოუწევს შესაბამის თანხვედრაში მოყვანა ზგემ-თან, თუ საგნობრივ სტანდარტებთან, მაგრამ ვსვამ რიტორიკულ კითხვას – არ გვინდა, ასეთი მოქალაქეები გავზარდოთ, რომელმაც იცის ოჯახის ფასეულობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით არის გამსჭვალული, რომელსაც აქვს ეროვნული იდენტობა და უნდა, პატივს სცემდეს ჩვენს ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს?“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ის ვიწრო ჯგუფები, თუ ორგანიზაციები, რომლებსაც აშინებთ ქართულის, ეროვნულის, პატრიოტულის, ოჯახის ხსენება და ამ ყველაფრის ხსენებაზე რაღაც განსხვავებული ემართებათ.

„არ მგონია, ჩვენ საზოგადოებაში იყოს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ იზიარებს ამ სულისკვეთებას, რომ ჩვენი შვილები ამ საწყისებზე გავზარდოთ, იმ თანამედროვე უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც აუცილებელია, რომ დაგვაახლოოს ევროკავშირთან და მისი სრულფასოვანი წევრი გაგვხადოს, მაგრამ ვერცერთ, მათ შორის, ევროპის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ზოგადი განათლების ისეთი საფუძვლის დოკუმენტს, სადაც მსგავსი იდეოლოგია არ არის. ამას გნებავთ, იდეოლოგია დაარქვით და გნებავთ, სხვა მსოფლმხედველობა, მაგრამ მე ამას ვეძახი ეროვნულ მსოფლმხედველობას, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი სუვერენიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ღირსეულად, ჩვენი კულტურებისა და ტრადიციების აღიარებით, დაფასებით შევიდეთ იქ, სადაც სულ ერთი კვირის წინ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ სამინისტროს განაცხადი, ეს არის მთლიანად მთავრობის, ხელისუფლების ხედვა და შესაბამისად, დისკუსიების შედეგად ეს პროექტი ჩამოყალიბდა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ დოკუმენტის მიღებას ისე, რომ არ დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი განხილვა. ვისაც ეს აინტერესებს, ორგანიზაციებს, პირებს, თუ ექსპერტებს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საღი, გონივრული უკუკავშირისთვის, რათა დოკუმენტი ჩასწორდეს და ის იყოს ფართო საზოგადოების კონსენსუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გვინდა სამთავრობო, თუ საპარლამენტო პროცედურების დაწყება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.