გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.
უგულავა ციხეში სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც ის უწყების დაბარების შემდეგ თავად გამოცხადდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2018 წლის 28 თებერვალს ერთი წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. გადაწყვეტილება უმაღლეს ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა.