გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება
გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, უგულავა შსს-ში დღეს საღამოს დაიბარეს.

„ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა უგულავამ შსს-ს შენობაში შესვლამდე.

შსს-ს შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებმაც უგულავა ტაშითა და შეძახილებით შეაცილეს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2018 წლის 28 თებერვალს ერთი წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. გადაწყვეტილება უმაღლეს ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა.