უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მისივე განმარტებით, სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა სხვა საქმეზე აქვს მოხდილი, მას მოსახდელად სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა დაეკისრა.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2018 წლის 28 თებერვალს ერთი წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. გადაწყვეტილება უმაღლეს ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა.

მოგვიანებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა დააკისრა, განცხადება გაავრცელა.