გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე უზენაესი სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე უზენაესი სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გ. ს; გ. უ; დ. ა; ა. თ; და დ. ა. მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ექვსი თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ოთხი თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ა. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლითა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ოთხი თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2018 წლის 28 თებერვალს ერთი წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. გადაწყვეტილება უმაღლეს ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა.

ამასთან, საქმეზე ბრალდებულები არიან: გიგი უგულავა, მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე.