ეგზოპლანეტის ახალი, თვალისმომჭრელი, პირდაპირი ფოტო სრულიად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ვრცელ, უკიდეგანო სამყაროში ეგზოპლანეტათა მრავალფეროვნების შესახებ.
აღნიშნულ ეგზოპლანეტას b კენტავრი b-ს უწოდებენ და ის გარს უვლის არა ერთ, არამედ ორ ვარსკვლავს — ბინარულ (ორმაგ) სისტემას, სახელად b კენტავრი, რომელიც ჩვენგან 325 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ეს ვარსკვლავური სისტემა ყველაზე მასიური ბინარია, რომელშიც ეგზოპლანეტას მიაგნეს. ამ დრომდე, ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ ეგზოპლანეტის არსებობა შეუძლებელი იყო ისეთ მასიურ და ცხელ ვარსკვლავთან, როგორიც არის b კენტავრი.
სისტემის ორ ვარსკვლავს ჯამში მზეზე ათჯერ მეტი მასა აქვთ. ამ დრომდე ეგზოპლანეტა არ იყო აღმოჩენილი მზეზე სამჯერ და მეტჯერ უფრო მასიური რომელიმე ვარსკვლავის გარშემო.
არც თავად b კენტავრი b არის პატარა. მისი მასა იუპიტერისას დაახლოებით 10,9-ჯერ აჭარბებს. ორბიტაზე თავის ვარსკვლავების გარშემო ძალიან შორიდან, 556 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს, რაც დაახლოებით 100-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო მანძილი მზესა და იუპიტერს შორის.
„ b კენტავრის გარშემო პლანეტის პოვნა ძლიერ ამაღელვებელია, რადგან ის სრულიად ცვლის მასიური ვარსკვლავების, როგორც პლანეტათა მასპინძლების სურათს“, — ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ასტრონომი მარკუს იანსონი.
ეგზოპლანეტის ფოტოზე აღბეჭდვა უკვე დიდი წარმატებაა. ისინი ძლიერ შორსაა მხოლოდ ძალიან მკრთალად ირეკლავს სინათლეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამეზობლოს კაშკაშა ვარსკვლავი ანათებს გაცილებით ძლიერი რადიაციით. ამ მიზეზთა გამო, ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიებით ეგზოპლანეტების პირდაპირ დანახვა შეუძლებელია.
b კენტავრი b უიშვიათესი გამონაკლისია. ის დიდია, შედარებით ახლოსაა და საკუთარი დედავარსკვლავებისგან იმდენად შორსაა, რომ მათი სინათლე მის ძლიერ გადანათებას არ ახდენს.
ეს სისტემა სხვა მხრივაც არის მომაჯადოებელი. საკმაოდ ახალგაზრდაა, სულ რაღაც 15 მილიონი წლის. შედარებისთვის გეტყვით, რომ ჩვენი მზე დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა.
მისი ვარსკვლავები ერთმანეთს ისე ახლოდან უვლიან გარშემო, რომ ბოლო დრომდე ისინი ერთ ვარსკვლავად მიაჩნდათ. როგორც ახალგაზრდა, ისე მასიური ვარსკვლავები ძლიერ ცხელია; b კენტავრის მთავარი ვარსკვლავი მართლაც ძალიან ცხელია. მიეკუთვნება B-ტიპის ვარსკვლავებს, რომლებიც იმდენად ცხელები და კაშკაშებია, რომ ცისფრად მოჩანან.
ვინაიდან ვარსკვლავები ასე ძლიერ რენტგენულ და ულტრაიისფერ რადიაციას ასხივებენ, მიჩნეულია, რომ მათ სიახლოვეს ეგზოპლანეტების წარმოქმნა ადვილი არ არის. b კენტავრი b-ს აღმოჩენა აჩვენებს, რომ ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, ის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ვერ იქნება.
„b კენტავრი b უცხო პლანეტაა ისეთ გარემოში, რომელიც არა მხოლოდ დედამიწის, არამედ მთლიანი მზის სისტემისგან გარემოსგან განსხვავდება. მისი გარემო სასტიკია, დომინირებს უკიდურესი რადიაცია, სადაც ყველაფერი გიგანტური მასშტაბისაა: ვარსკვლავები უფრო დიდია, პლანეტაც დიდია და მანძილებიც“, — ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ასტრონომი გაიათრი ვისვანათი.
მკვლევართა განცხადებით, ეს მანძილები შეიძლება საკვანძო იყოს იმის გასაგებად, როგორ შეძლო ეგზოპლანეტამ გადარჩენა. გაზის გიგანტი სასტიკი რადიაციის მიერ აორთქლებისგან ალბათ ასეთმა დაშორებამ დაიცვა.
თუმცა, b კენტავრი b გამოწვევას წარმოადგენს პლანეტათა ფორმაციის ჩვენეული მოდელებისთვის. ვარსკვლავები მოლეკულურ ღრუბლებში მატერიის გროვისგან იბადება, რომლებიც საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება და ბრუნვას იწყებს.
ამ პროცესის შედეგად, ვარსკვლავის გარშემო ჩნდება გაზისა და მტვრის დისკო, რომელიც თანდათან ვარსკვლავში ჩაედინება. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის წარმოქმნა დასრულდება, ნარჩენი მატერია მის გარშემო დისკოს სახით აგრძელებს მოძრაობას.
დროთა განმავლობაში, მატერიის გროვები ერთმანეთს ეკვრის, სულ უფრო და უფრო დიდდებიან და ასე, თანდათანობით იბადებიან პლანეტები. ამას ბირთვის აკრეციის მოდელს უწოდებენ, მაგრამ b კენტავრი b თავის ვარსკვლავისგან ზედმეტად შორს არის, რათა ჩავთვალოთ, რომ ისიც ამ მეთოდით დაიბადა.
ეგზოპლანეტები შეიძლება დაიბადონ გრავიტაციული არასტაბილურობის გზითაც, როდესაც დისკოში არსებული გაზისა და მტვრის გროვები პირდაპირ პლანეტად კოლაფსირდება.
თუმცა, b კენტავრი b-სა და b კენტავრის მასების პროპორცია ძლიერ ახლოს არის იუპიტერი–მზის მასების პროპორციასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბირთვის აკრეციის მოდელი შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ეგზოპლანეტა შეიძლება ორმაგ ვარსკვლავთან ახლოს დაიბადა, შემდეგ კი გარე მიმართულებით დაიძრა და იქ აღმოჩნდა, სადაც ახლაა.
სადაც არ უნდა დაბადებულიყო, ეს ეგზოპლანეტა, აშკარაა, რომ გვეხმარება პლანეტური სისტემების შესახებ ჩვენი წარმოდგენის დახვეწაში. გვიჩვენებს, რომ ეგზოპლანეტების წარმოქმნა შესაძლებელია იმაზე გაცილებით სხვანაირ და ექსტრემალურ გარემოში, ვიდრე ეს აქამდე აღმოჩენილ ათასობით ეგზოპლანეტაზე დაყრდნობით შეიძლება წარმოგვედიგნა. მისი წარმოშობისა და ევოლუციის გარკვევა ნამდვილად ბევრ რამეს გვასწავლის.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.