შორეული ეგზოპლანეტის ღრუბლები უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
შორეული ეგზოპლანეტის ღრუბლები უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

მრავალი სხვადასხვა ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა ჩვენგან 520 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გაზის გიგანტ ეგზოპლანეტაზე ღრუბლები დააფიქსირეს. დაკვირვებები იმდენად დეტალური იყო, რომ რომ ასტრონომებმა ღრუბლების სიმაღლე და ზედა ატმოსფეროს სტრუქტურაც კი ამ დროისათვის უდიდესი სიზუსტით გაარჩიეს.

ეს კვლევა ეგზოპლანეტების ატმოსფეროს უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება, ასევე ისეთი პლანეტების მოძებნაშიც, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები იყოს ან ბიოხელწერები მათ სპექტრში. ამას გარდა, უფრო ვუახლოვდებით შორეულ უცხო პლანეტათა ამინდის დადგენის შესაძლებლობას.

აღნიშნული ეგზოპლანეტა გახლავთ 2016 წელს აღმოჩენილი WASP-127b. ის ცხელი და გაბერილი პლანეტაა, თავის ვარსკვლავს გარს უვლის ზედმეტად ახლოდან, ყოველ 4,2 დღეში ერთხელ. აქვს იუპიტერზე 1,3-ჯერ დიდი ზომა, მაგრამ მხოლოდ 0,16 იუპიტერის მასა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ატმოსფერო თხელი და გაუხშოებულია — ბრწყინვალე, რომ მისი შემცველობის გარკვევა სცადო იმ სინათლეზე დაყრდნობით, რომელიც დედავარსკვლავიდან მოდის და მასში გამოივლის.

ამისათვის, მონრეალის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა რომენ ალარის ხელმძღვანელობით, ერთმანეთს შეურწყეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელი მონაცემები და ჩილეში განთავსებული ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტ ESPRESSO-ს მონაცემები. ამ გზით მათ WASP-127b-ის ატმოსფეროს სხვადასხვა სიმაღლეში ჩახედვა სურდათ.

„პირველ რიგში, როგორც ამ ტიპის პლანეტებში გვხვდება, დავაფიქსირეთ ნატრიუმი, მაგრამ მოსალოდნელზე უფრო გაცილებით დაბალ სიმაღლეზე“, — ამბობს ალარი.

მისი განცხადებით, ამის შემდეგ, ინფრაწითელში შენიშნეს წყლის ორთქლის ძლიერი სიგნალები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ფიქსირდებოდა ხილულ ტალღის სიგრძეში. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ დაბლა არსებულ წყლის ორთქლს ირეკლავს ხილულ ტალღის სიგრძეში შუქგაუმტარი, მაგრამ ინფრაწითელში გამჭვირვალე ღრუბლები.

ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის დადგენა ფრიად რთული საქმეა. იმიტომ, რომ ეგზოპლანეტათა უმეტესობას პირდაპირ ვერ ვხედავთ; მათ არსებობას ვადგენთ იმ ეფექტებით, რომლებიც მათ საკუთარ ვარსკვლავზე აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ეფექტია ვარსკვლავის ჩაბნელება და კვლავ აკაშკაშება მაშინ, როდესაც ეგზოპლანეტა ჩვენსა და ვარსკვლავს შორის გაივლის. გავლისას ვარსკვლავის სინათლე სულ ოდნავ იკლებს.

გავლის საკმარისი დროის შემთხვევაში, ეს ფაქტი იქ მოძრავი ეგზოპლანეტის მანიშნებელია. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია სხვა გზითაც შეიძლება გამოვიყენოთ. როდესაც ვარსკვლავის სინათლე ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გაივლის, სპექტრის ტალღის სიგრძეები შეიძლება სხვადასხვა ელემენტებმა შთანთქან. ასეთ ხელწერას შთანთქმის ხაზებს უწოდებენ და მათი გაშიფვრით შეგვიძლია გავიგოთ ატმოსფეროს შემადგენლობა.

სწორედ ასე მოიქცა ალარი და მისი ჯგუფი. მაღალი რეზოლუციის შთანთქმის მონაცემების გამოყენებით, ღრუბლების სიმაღლე საოცრად დაბალ ღრუბელთა შრემდე დაიყვანეს, სადაც ატმოსფერული წნევა 0,3 – 0,5 მილიბარს შორის იყო.

„ღრუბლების შემადგენლობა ჯერ არ ვიცით, გარდა იმისა, რომ ისინი დედამიწის მსგავსად წყლის წვეთებისგან არ შედგება“, — ამბობს ალარი.

მისივე თქმით, ასევე არ იციან, რატომ არის ამ პლანეტაზე ნატრიუმი წარმოდგენილი მოულოდნელ ადგილას. სამომავლო კვლევები არა მხოლოდ ატმოსფეროს სტრუქტურის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება, არამედ მთლიანად WASP-127b-ის შესწავლაში, რომელიც ნამდვილად მომაჯადოებელი პლანეტაა.

მკვლევართა ჯგუფის ანალიზებმა ფრიად საოცარი ცნობები მოგვცა დედავარსკვლავის გარშემო WASP-127b-ის მოძრაობის შესახებაც. მზის სისტემაში, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველა პლანეტა ორბიტაზე მოძრაობს მზის ბრუნვის მიმართულებით, მზის ეკვატორის გარშემო მეტნაკლებად ერთნაირ სიბრტყეზე. ამის მიზეზი მზის სისტემის წარმოქმნის გზაა, ის ხომ ახლად დაბადებული მზის გარშემო მბრუნავი მასალების დისკოსგან ჩამოყალიბდა.

WASP-127b-ის ორბიტა არა მხოლოდ დედავარსკვლავის ბრუნვის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, არამედ ძლიერ გამოკვეთილი კუთხითაც, თითქმის ვარსკვლავის პოლუსების გარშემო. მკვლევართა აზრით, ეს სისტემა დაახლოებით 10 მილიარდი წლის უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სამეზობლოში ნამდვილად რაღაც უცნაური ხდება.

„ასეთი განლაგება საკმაოდ მოულოდნელია ბებერ ვარსკვლავურ სისტემებში არსებული ცხელი სატურნის ტიპის პლანეტებისთვის და შეიძლება, ამის მიზეზი უცნობი კომპანიონი იყოს. ყველა ამ უნიკალური მახასიათებლის გამო, WASP-127b ის პლანეტაა, რომელიც მომავალში ინტენსიური კვლევების საგანი უნდა გახდეს“, – ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ასტრონომი რომენ ალარი.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია europlanet-society.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.