აღმოჩენილია ეგზოპლანეტა, რომელიც სამი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ეგზოპლანეტა, რომელიც სამი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

მზის სისტემის სხეულებზე ცაში მხოლოდ ერთი მზე ჩანს და ამ მხრივ, ის ცოტა არ იყოს გამორჩეულია. ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობას სულ მცირე ერთი გრავიტაციულად მიბმული ვარსკვლავური კომპანიონი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი უნდა იყოს ორვარსკვლავიანი პლანეტებიც.

ვარსკვლავური სისტემები ხშირად მაქსიმუმ ორი ვარსკვლავით შემოიფარგლება, მაგრამ აღმოჩენილია ისეთი სისტემებიც, რომლებშიც შვიდამდე ვარსკვლავია ერთად თავმოყრილი და კომპლექსურ ორბიტულ ცეკვაში ჩაბმული. ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს სისტემა, რომელიც მათი აზრით, პირველია ასტრონომიისთვის: სამი ვარსკვლავის სისტემის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა.

უფრო გასაგები რომ იყოს, აუცილებელია განვმარტოთ — ასეთ სამეულ სისტემებში ეგზოპლანეტები აქამდეც არის აღმოჩენილი, მაგრამ იქ პლანეტა სისტემის მხოლოდ ერთი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თუ ახალი აღმოჩენა დამტკიცდა, გამოდის, რომ ეს ეგზოპლანეტა სამივე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ასეთი რამ კი აქამდე არასოდეს გვინახავს.

როგორც წესი, ირმის ნახტომში ვარსკვლავები იზოლაციაში, ეულად არ იბადებიან. მათი დაბადების ადგილია მასიური მოლეკულური ღრუბლები, სადაც გაზის მკვრივი გროვები საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდება.

როდესაც ეს გროვები ბრუნვას იწყებს, ღრუბელში არსებული მატერია დისკოს ფორმას იღებს, რომელიც თანდათან წარმოქმნის პროცესში მყოფ ვარსკვლავში ჩაედინება. თუ ეს დისკო დანაწევრდა, იმავე ადგილას წარმოქმნას იწყებს სხვა ვარსკვლავი ან რამდენიმე ვარსკვლავიც. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის ჩამოყალიბება დასრულდება, დისკოსგან მორჩენილი მატერიისგან წარმოიქმნება პლანეტები.

მეცნიერთა შეფასებით, ვარსკვლავების 40-50 პროცენტს მეწყვილე (ბინარული) კომპანიონი ჰყავს, დაახლოებით 20 პროცენტი კი წარმოდგენილია სისტემებში, რომლებიც სამი ან მეტი ვარსკვლავისგან შედგება.

ეს სისტემები გრავიტაციულად საკმაოდ კომპლექსური უნდა იყოს, რაც მათ გარშემო პატარა ობიექტების მოძრაობას საკმაოდ ართულებს; მიუხედავად ამისა, ასტრონომთა შეფასებით, ეგზოპლანეტათა დაახლოებით 2,5 პროცენტი სამი ან მეტი ვარსკვლავისგან შემდგარ, ასეთ მრავლობით სისტემებში უნდა იყოს.

ამ დროისათვის დადასტურებულია სამეულ სისტემაში არსებული დაახლოებით 32 ეგზოპლანეტა. მათ რიგებს ახლა უკვე GW ორიონისიც შეუერთდა.

GW ორიონისი ჩვენგან დაახლოებით 1300 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ასტრონომთა ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ გარს აკრავს უზარმაზარი, არასწორად განლაგებული პროტოპლანეტური დისკო, რომელიც სამ ვარსკვლავს უვლის გარშემო.

ატაკამის უმძლავრესი მილიმეტულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, ასტრონომებმა ამ სისტემის შესახებ რაღაც უცნაური დაადასტურეს: პროტოპლანეტურ დისკოში აშკარა ნაპრალია.

პლანეტის ფორმაციის ჩვენეული მოდელების მიხედვით, პროტოპლანეტურ დისკოებში ნაპრალების არსებობის მიზეზი პლანეტების წარმოქმნა უნდა იყოს. ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, ასეთი პლანეტები ორბიტულ გზაზე გაზსა და მტვერს ისრუტავენ, გზას ასუფთავებენ და ნაპრალს ტოვებენ.

თუმცა, GW ორიონისში ყველაფერი ასე მკაფიო არ არის. იმის გამო, რომ ეს სამი ვარსკვლავი კომპლექსურ გრავიტაციულ ველს უნდა გამოიმუშავებდეს, არის შანსი, რომ ნებისმიერი უცნაური მახასიათებელი დისკოში თავად ვარსკვლავებმა წარმოქმნან.

წინა ანალიზებმა მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში ასე არ უნდა ყოფილიყო; მხოლოდ ვარსკვლავებს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება ამ დისკოში ნაპრალის ამოსაჭრელად საკმარისი არ არის და შესაბამისად, მისი არსებობის სავარაუდო ახსნად დარჩა ეგზოპლანეტა.

ახლახან, ახალი ანალიზები ამ ვარაუდს დაეთანხმა. ნევადის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ასტრონომ ჯერემი სმოლვუდის ხელმძღვანელობით, GW ორიონისის სისტემის მოდელი აღადგინეს, შეურწყეს N-body სიმულაცია და სამგანზომილებიანი ჰიდროდინამიკური სიმულაციებიც.

დაადგინეს, რომ როგორც იქამდეც ვარაუდობდნენ, მხოლოდ ვარსკვლავთა მგრეხი ძალა საკმარისი არ იყო პროტოპლანეტური დისკოს გასახლეჩად.

ამაში დამნაშავე უნდა იყოს იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი პლანეტა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია; არ გამორიცხეს რამდენიმე გაზის გიგანტიც. ასტრონომებს თავად ეგზოპლანეტა არ დაუნახავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეჭვები კვლავ რჩება, მაგრამ მკვლევართა ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ჯგუფს შორის თანხმობა სწორედ ახალგაზრდა ეგზოპლანეტის სასარგებლოდ მიუთითებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტის ჩამოყალიბების პროცესი შეიძლება იმაზე გაცილებით ექსტრემალურ პირობებსაც უძლებდეს, ვიდრე გვეგონა, მაგალითად, ისეთ რთულ გარემოს, როგორიც სამმაგი ვარსკვლავის გარშემოა.

„ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან პლანეტის ფორმაციის თეორიას ძლიერ მტკიცეს ხდის. ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პლანეტის ფორმაცია იმაზე გაცილებით აქტიურია, ვიდრე მიგვაჩნდა“, — ამბობს სმოლვუდი.

მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ GW ორიონის სისტემაზე სამომავლო დაკვირვებებისას, თავად ეგზოპლანეტას ან ეგზოპლანეტებსაც დაინახავენ.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია unlv.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი