გიგა ოთხოზორიას დედა - ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი  შვილიც ასე ვერაგულად მომიკლა მტრის ტყვიამ 
გიგა ოთხოზორიას დედა - ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი  შვილიც ასე ვერაგულად მომიკლა მტრის ტყვიამ 

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია,  – ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი დღეს წილკანში იმყოფებოდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, რადგან ზუსტად წელიწადი და 10 თვის წინ ჩვენი შვილიც ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაიცვა და ყველას თვალწინ ექვსი ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რათა საკადრისი პატივი მიეგოთ. სათქმელიც რა მაქვს. თუ ესენი ვერ დასჯიან მკვლელებს, უფალს ვერავინ ვერ დაემალება. დაისჯებიან”, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო.  „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე  მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.