გიგა ჩხარტიშვილი - ნათია კაპანაძის გადაყენებით მრჩეველთა საბჭომ მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენება შიდა პრობლემის გამოძახილია.
როგორც გიგა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებით საბჭომ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩემი აზრით, საბჭომ მიიღო დღეს ლოგიკური გადაწყვეტილება. ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში. ამის სადარაჯოზე მჯერა, რომ საბჭოს ყველა წევრი იქნება და ეს ჩვენს ყველას ინტერესშია, შესაბამისად, დღეს, რასაც ვხედავთ, ეს არის შიდა პრობლემების გამოძახილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მე მგონი მაუწყებელი საიმედო ხელშია, მისი მოადგილე ძალიან საიმედოდ გაუძღვება გარდამავალ პერიოდში ამ საქმეს, ხოლო მომავალი დირექტორის არჩევა ისევ ამ საბჭოს პრეროგატივაა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელიც გატარდა აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის პროცესში, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ამ ორგანიზაციაში არაფერი ემუქრება, ეს პროცესი არ შეჩერდება. ეს არის ყველა მოქალაქის ინტერესში და მე ვისურვებდი ასეთ აქტიურობას, ასეთ ყურადღებას მედიის, მესამე სექტორის, საზოგადოების, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ. თუ ყურადღება იქნება, თუ ასეთი აქტიურობა იქნება, არ მგონია, რაიმე ემუქრებოდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას“, – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.