გია კვარაცხელია - ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის ვერ გავძლიერდით #1TVSPORT
ქალთა ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ნიკე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება. გუნდი წილისყრის შედეგად საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ჯგუფში სერიოზულ მეტოქეებთან მოხვდა.
ჯგუფური ტურნირი ოლიმპიური პრინციპით იმართება – გია კვარაცხელიას გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონ „ტვენტეს“ 18 აგვისტოს შეხვდება, ხოლო თუ მოიგებს, ფინალში სერბული სუბოტიცას „სპარტაკისა“ და ირლანდიური „პეამუნტ იუნაიტედის“ წყვილში გამარჯვებულს 21 აგვისტოს შეხვდება. მინი-ტურნირს ნიდერლანდები უმასპინძლებს.
„ნიკეს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია კვარაცხელიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ გუნდი მატჩისთვის შეცვლილი შემადგენლობით ემზადება.
„ნიდერლანდების გუნდში ძალიან ძლიერი მეტოქეა, 2019 წელს ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამ გუნდის შემადგენლობიდან შვიდი მოთამაშე ჰყავთ და რა თქმა უნდა, ასეთ გუნდთან დაპირისპირება ძალიან რთული იქნება. კი, გუნდი ვარჯიშობს და შეძლებისდაგვარად ემზადება. მე რეალურად ვუყურებ ამ ცხოვრებას… ვეცდებით ბოლომდე ვიბრძოლოთ და ღირსეულად გამოვიდეთ“, – ამბობს გია კვარაცხელია.
„ნიკეს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში საკადრო სიახლეებია.
„სამწუხაროდ, ევროსარბიელისთვის „ნიკე“ ვერ გაძლიერდა. გასინჯვებზე ირანელი და ბრაზილიელი ლეგიონერები გვყავდა, მაგრამ ჩვენს მოთამაშეებს ვერ სჯობდნენ და უკან დაბრუნდნენ. ამას გარდა, ჩვენ ორი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ – თეონა ბაქრაძე „ლანჩხუთში“ წავიდა, თაკო ტატუაშვილი – უცხოეთში. მარტო პერსპექტიული ქართველები დავიმატეთ – ნინო გურიელიძე, ნინო ბუხრიკიძე, მარი ბეგიაშვილი და ანა კირვალიძე“.