გია კვარაცხელია - ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე „სამეგრელომ“ საქართველო ღირსეულად უნდა წარმოადგინოს #1TVSPORT
გია კვარაცხელია - ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე „სამეგრელომ“ საქართველო ღირსეულად უნდა წარმოადგინოს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონის, ქალთა საფეხბურთო კლუბის, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მთავარი მწვრთნელი გია კვარაცხელია იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ღირსეულად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მოთამაშემ ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

„სეზონის დაწყება საკადრო ცვლილებებით მოგვიხდა, რადგან რამდენიმე მოთამაშე წავიდა და ტრავმირებულებიც გვყავს, თუმცა ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. ლეგიონერიც დავიმატეთ, მექსიკელი ნახევარმცველი რუბი ვილეგასი, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია და მან გუნდი გააძლიერა. ასევე „კვარტალიდან“ ელენე ჩიქოვანი შემოგვიერთდა, სოხუმის „დინამოდან“ – ნათია ჯოჯუა. ისინი ასაკობრივი ნაკრებების წევრები და პერსპექტიული მოთამაშეები არიან. სატრანსფერო პერიოდში ჩემპიონთა ლიგისთვის 3-4 მოთამაშით აუცილებლად გავძლიერდებით.

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე კალათაში ვართ და შესარჩევ მინიტურნირზე ოთხგუნდიან ჯგუფში ვითამაშებთ. ორი ძალიან ძლიერი მეტოქე გვეყოლება. სავარაუდო მეტოქეებში არიან იტალიის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, დანიისა და ნორვეგიის ჩემპიონები. წილისყრა 31 ივნისს უნდა ჩატარდეს და ჯერ არც მეტოქეები ვიცით და არც ოთხთა ტურნირის მასპინძელი ქვეყანა.

ძალიან რთული თამაშები გველის, მაგრამ „სამეგრელო“ შეკრული, მეგობრული და მებრძოლი გუნდია. ჩემი მოთამაშეების პროფესიონალიზმის იმედი მაქვს და ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს გია კვარაცხელია.