„რუსთავი“ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში პირველად ითამაშებს - გუნდს ნინო პასიკაშვილი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„რუსთავი“ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში პირველად ითამაშებს - გუნდს ნინო პასიკაშვილი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ გოგონათა გუნდი ჩამოყალიბდა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მოთამაშე ნინო პასიკაშვილი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსთავის გოგონათა გუნდი ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში წელს პირველად ითამაშებს. ახალი სეზონისთვის გუნდი აქტიურად ემზადება. ჩემპიონატი მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და ორ წრედ ჩატარდება.

„ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ვუხელმძღვანელო ჩემი ქალაქის გოგონათა გუნდს, რადგან რუსთაველი ვარ და ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარ ქალაქში ქალთა საფეხბურთო კლუბი ყოფილიყო. ვიცი, რას ნიშნავს, როცა გინდა საყვარელი საქმის კეთება და ყოველდღე გიწევს შენი ქალაქიდან მოშორებით სიარული.

სასიხარულოა, რომ გოგონათა მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ქალთა ფეხბურთი ყოველწლიურად მეტად პოპულარული ხდება. არის ორი პროფესიონალური ლიგა, სადაც წლევანდელ წელს პირველად მოგვეცა შანსი, რომ მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქალაქის სახელით.

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა, ხოლო სათამაშო ხარისხი ეტაპობრივად აუცილებლად გაიზრდება“, – ამბობს საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი.

ნინო პასიკაშვილი დაიბადა რუსთავში. თამაშობდა ხაშურის „ივერიასა“ და „ნორჩ დინამოში“. ასევე გამოდიოდა „მინსკში“, უკრაინულ „ჟილსტროიში“, „ნადეჟდა-დნეპრში“, თურქულ „ადანაში“, „ატაშეჰირ ბელედიესპორში“. 2019 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 2020 წლის იანვრამდე თამაშობდა „ლოკომოტივში“, შემდეგ „ნიკეს“ ღირსებას იცავდა.

იყო საქართველოს გოგონათა ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრების მაისურით 2009 წელს შედგა და მას შემდეგ გუნდის ფორმა 92 მატჩში მოირგო. 2014 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. შემდეგ მიიღო ფეხბურთის მენეჯერის განათლება, 2019 წელს GIPA-ში დაამთავრა უეფა-ს სამენეჯერო კურსები.