გია კვარაცხელია - შევეცდებით, რომ „სამეგრელო“ ჩემპიონთა ლიგას გაძლიერებული შეხვდეს #1TVSPORT
გია კვარაცხელია - შევეცდებით, რომ „სამეგრელო“ ჩემპიონთა ლიგას გაძლიერებული შეხვდეს #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბ „სამეგრელოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია კვარაცხელიამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა გუნდის წარმატებაზე – მისმა გაწვრთნილებმა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში კონკურენტ „ლანჩხუთთან“ სტუმრად ფრედ (0:0) ითამაშეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

„უპირველესად, ვულოცავ მთელ ჩხოროწყუს ამ ოქროს მედალს. რაც შეეხება ჩემპიონობას, „ლანჩხუთი“ მართლაც კარგი გუნდია, მაგრამ ამ ჩემპიონატში ჩვენ აშკარად ვაჯობეთ – 4 მატჩიდან 1 მოვუგეთ, 3 ფრედ დავასრულეთ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო მათ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩხაიძეს, რომლის საქციელიც პირადად ჩემთვის გამოსარჩევი იყო – მატჩის შემდეგ მოვიდა და ჩემპიონობა პირველმა მოგვილოცა.

ოქროს მედალი ყოველთვის ფასეულია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ სეზონში ჩვენმა გოგონებმა შეუძლებელი შეძლეს და ძალიან რთული ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულეს. დარჩენილია ერთი ტური, მაგრამ იმედია, ბოლომდე წარმატებულად ვითამაშებთ.

„ლანჩხუთს“ და ყველა ქართულ გუნდს მომავალში მინდა წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება „სამეგრელოს“, გაძლიერებას შევეცდებით, რომ მომავალ წელს ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას მომზადებულები შევხვდეთ“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გია კვარაცხელიამ.