ღასან ხალილი - მასწავლებელთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაერო-ს ბავშვთა ფონდის და საქართველოს განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევა აღიარებული იყო მთელ რეგიონში
ღასან ხალილი - მასწავლებელთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაერო-ს ბავშვთა ფონდის და საქართველოს განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევა აღიარებული იყო მთელ რეგიონში

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის ღასან ხალილის განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევა მასწავლებელთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღიარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

„მინდა, აღვნიშნო გაერო-ს ბავშვთა ფონდის და განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევა მასწავლებელთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ეს ძალისხმევა აღიარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ორ თვეში მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი გაგვეზარდა ცხრა პროცენტიდან 69%-მდე და ეს მაჩვენებელი დღესდღეობით კიდევ უფრო მაღალი არის. გაერო-ს ბავშვთა ფონდი აქტიურად დადიოდა რეგიონებში მასწავლებელთა ვაქცინაციის პოპულარიზაციისათვის“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

ამასთან, ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი ეყრდნობა ძალიან არასაიმედო ინფორმაციას და ჭორებსაც.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი ეყრდნობა ძალიან არასაიმედო ინფორმაციას, არასაიმედო სოციალური პლატფორმების და ჭორებსაც. ყველას მოვუწოდებ, რომ უსმინონ არა ასეთ ინფორმაციას, არამედ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, „იუნისეფს“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. უსმინონ სამეცნიერო მტკიცებულებას. ისინი ამით დაიცავენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც, რადგან მეცნიერულად არის დამტკიცებული, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ვაქცინირებული ადამიანების ლეტალური შედეგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არავაქცინირებულებისა. ეს არის ასევე სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენ გვაქვს პარტნიორობა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის სამინისტროსთან, რომლებიც ჩართული არიან ჩვენთან ერთობლივი ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროგრამაში. ასევე, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ექთნების ასოციაციასთან და კიდევ რამდენიმე სასწავლო უნივერსიტეტთან. ამ მხრივ, ჩვენი საერთო ძალისხმევა არის ვაქცინაციის პოპულარიზაცია“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

რაც შეეხება კითხვას, ექთნების ვაქცინაციის პროცესის დროს რა სახის პრობლემები გამოიკვეთა, ძირითადად რატომ ამბობენ ვაქცინაციაზე ექთნები უარს, – ღასან ხალილის თქმით, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს შორის არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ვაქცინაცია მისაღები არ არის.

„ზოგადად, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს შორის არის ასეთი პრობლემა, როგორიცაა ვაქცინაციის მიუღებლობა. ზუსტად ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ყველა აკადემიურ ლიდერს, სასწავლო სფეროს, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა ვაქცინის პოპულარიზაციაში. ყველა ადამიანი, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა, იქნება ეს რელიგიური ლიდერი, მასწავლებელი, ვისაც საზოგადოებაში აქვს გარკვეული გავლენა, ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი ლოზუნგით – მხარი დავუჭიროთ სიცოცხლეს. ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ ჩვენ წარმატებებს მივაღწიეთ განათლების სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მასწავლებლების ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღასან ხალილმა.