გიორგი ჩოგოვაძე - ბინების ყოველდღიურად გაქირავებაზე სახელმწიფო გადასახადის დაწესებას არ აპირებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი Airbnb-ით და Booking.com-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის შესაძლო დაწესებაზე განმარტებას აკეთებს.
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბინების, ე.წ. აპარტამენტების ყოველდღიურად გაქირავებაზე არანაირი შეზღუდვისა და გადასახადის დაწესებას სახელმწიფო არ აპირებს.
„მინდა, ხაზგასმით ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი შეზღუდვები და დამატებითი გადასახადის დაწესება არ იგეგმება ბინების, ე.წ. აპარტამენტების გაქირავების შემთხვევაში. ეს საკითხი არც განხილულა და არც განიხილება. პირიქით, ამ სეგმენტის განვითარებამ საქართველოს საშუალება მისცა, მეტი განთავსების ობიექტი შევთავაზოთ მსოფლიოს, ანუ მეტი ტურისტი მივიღოთ. გვახარებს, რომ ზრდამ დამატებითი შემოსავალი გააჩინა კერძო სექტორში მათთვისაც, ვინც ბინების გაქირავებით იღებს შემოსავალს”, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.