სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.

ტიკარაძის თქმით, სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა.

მინისტრის განცხადებით, ჰოლდინგის ფარგლებში კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი კლინიკებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც სამედიცინო სერვისების ხარისხს გააუმჯობესებს.

„კლინიკების განვითარების გეგმა შეეხება მათ აღჭურვას, პროფილს, ეფექტურ მართვას, ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიზრუნებთ ყველა იმ საჭირო კუთხით განვითარებაზე და პერსპექტივაზე, რომელიც ამ კლინიკებს, მათ სამედიცინო პერსონალს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდმა“ ვერ შეძლო კლინიკების ეფექტიანი მართვა და ინვესტიციების მოზიდვა. „საპარტნიორო ფონდს“ ჰქონდა გადაცმული კლინიკები, რათა მოეძიებინა ინვესტიციები და დაეწყო მისი ეფექტური მართვა, მაგრამ სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოგვეყალიბებინა ჰოლდინგი და შესაბამისი მმართველი ჯგუფით ეფექტურად გვემართა საავადმყოფოები. ამ ეტაპზე ინვესტორთან მოლაპარაკებების საკითხი დახურულია. დარწმუნებულიო ვართ, ჩვენი რესურსით შევძლებთ რეინვესტირების განხორციელებას და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა.