სემეკ-ის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა
სემეკ-ის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია, მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება, – აცხადებენ სემეკ-ში.

„*303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია.

*303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება.

*303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, *303#-ით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება. მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით დააფიქსიროს: ავარიული წყვეტა – ოპერატიული რეაგირებისთვის; მომარაგების პრობლემა – დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა; მიიღოს: ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს არასასურველი“, – აცხადებენ სემეკ-ში.