ლევან ვეფხვაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, იმპორტზე დღგ-ს გადახდის პროცედურებს გადახედოს
ლევან ვეფხვაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, იმპორტზე დღგ-ს გადახდის პროცედურებს გადახედოს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმპორტზე დღგ-ს გადახდის არსებულ პროცედურებს გადახედოს.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, იმპორტიორების პრობლემა ორ ჯგუფად იყოფა, პირველ ჯგუფში შედიან სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების იმპორტიორები, სადაც მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, ხოლო მეორე ჯგუფში არიან იმპორტიორები, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი საქართველოსკენ გზაშია, ახლო მომავალში კი, იმპორტის პროცედურების გავლა მოუწევთ.

რაც შეეხება სურსათის იმპორტიორებს, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირველადი მოხმარების პროდუქტის (სურსათის) მიწოდების ჯაჭვის ხელშესაწყობად, საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს ზემოაღნიშნული პროდუქტის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვადის გახანგრძლივებას, ნაცვლად არსებული ხუთისა, 45 დღემდე, როგორც მაგალითად, გათვალისწინებულია ხორბლის იმპორტისას.

„ამ გზით, სახელმწიფოს შეუძლია, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე, სტაბილური, დაბალანსებული საბრუნავი ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოს პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორები, რაც ასევე ხელს შეუწყობს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის შემცირებას და ფასების მერყეობისგან დაგვაზღვევს“, – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი.

ასევე, ლევან ვეფხვაძე ყურადღებას ამახვილებს იმ სავაჭრო ქსელების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება, საჭირო გახდეს იმპორტზე დღგ-ს გადავადების მექანიზმზე ფიქრი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისთვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის დაკისრება.