გერმანული პრესა - მერკელმა სინანული გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამო არსებულ კონფლიქტში პროგრესი არ შეინიშნება და გერმანია ამ უსამართლობას არ დაივიწყებს
გერმანული პრესა - მერკელმა სინანული გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამო არსებულ კონფლიქტში პროგრესი არ შეინიშნება და გერმანია ამ უსამართლობას არ დაივიწყებს

გერმანიის კანცლერმა სინანული გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამო არსებულ კონფლიქტში პროგრესი არ შეინიშნება. ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია ამ უსამართლობას არ დაივიწყებდა, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანულ „ექოში“ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ მერკელმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელი ინვესტორები საქართველოში თანხის დასაბანდებლად მიიწვია და, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ სასურველი საინვესტიციო კლიმატის შექმნაზე თავად იზრუნებდა. მერკელის თქმით, მისი ვიზიტისას დადებული იქნება დაახლოებით 200 მილიონი ევროს ფინანსური ღირებულების შეთანხმებები“, – აღნიშნულია „ექოში“ გამოქვეყნებულ მასალაში.

„მერკელი კავკასიის რთულ მისიაში“- ამ სათაურით აქვეყნებს ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ სტატიას „დოიჩე ველე“.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის ფედერალური კანცლერის სამდღიანი ვიზიტი კავკასიაში თბილისში სტუმრობით დაიწყო, სადაც ის სამხედრო პატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო.

„ჩასვლიდან მალევე მერკელმა აღნიშნა, რომ ისიც მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებას და ბახტაძის თანდასწრებით განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა აღმოჩნდა გერმანიაში იმის მიუხედავად, რომ დაკმაყოფილებული თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა ძალიან მცირეა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, ვინაიდან საქართველო „ევროპული ცივილიზაციის ნაწილია“, თუმცა ყოველგვარი ილუზიების გარეშე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს გერმანული „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც დიდი მეზობლის, რუსეთისგან, დაცვის მიზნით ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის, რეგიონში მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა და 2016 წლიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ სტატიაში საუბარია მერკელის საქართველოში ვიზიტის განრიგზე და აღნიშულია, რომ საქართველო, რომელიც დიდი მეზობლის, რუსეთისგან, დაცვის მიზნით ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის, რეგიონში მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა და 2016 წლიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

„გარდა ამისა ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რის შემდეგაც გერმანიაში ამ ქვეყნის თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველო წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს“, – წერს სტატიის ავტორი.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სტატიაში იმ ღონისძიებებად მოიხსენიება, რითაც დასავლეთი საქართველოს მიბმას ცდილობს, თუმცა გაწევრიანების პერსპექტივა მომავლის საკითხია.

სტატიაში ასევე საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომის შედეგად დაძაბულ ურთიერთობებზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტი იყო სეპარატისტულ რეგიონ „სამხრეთ ოსეთის“ გამო. სტატიაში ეს მოვლენა მნიშვნელოვან გარდატეხად არის დასახელებული, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რუსეთი საომარ მოქმედებებში ჩაება თავისი მეზობლის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთისკენ ჰქონდა კურსი აღებული.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიები დღემდე რუსული ჯარის მიერ არის ოკუპირებული.

დამატებით, სტატიაში საუბარია იმაზე, რომ აგვისტოს ომის წინა პერიოდში საქართველომ მასობრივად გაზარდა შეიარაღება, რაც შეიცვალა ომის შემდეგ. სეპარატისტულ რეგიონებში კი რუსეთმა შეიარაღება გაზარდა, სადაც დაახლოებით 30 000 მცხოვრებლის პირობებში 4 000 ჯარისკაცია დისლოცირებული.

აღსანიშნავია ასევე „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატის ომიდ ნურიპურის (Omid Nouripour) განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საქართველოს სურვილს ლეგიტიმურს უწოდებს და დასძენს, რომ მერკელმა თავისი ვიზიტისას ქართველთა ამ სურვილს გაგებით უნდა მოეკიდოს. თუმცა იქვე დაამატა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ოკუპაცია გაწევრიანების ფორმალური პირობების დაკმაყოფილებას ართულებს.