საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა.

„ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

საქართველოში ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი მუხროვანში საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. მან ასევე მოინახულა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი „პალდო“, სადაც ტერიტორიული რეზერვის სწავლებას დაესწრო“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.