კატრინ კოლონა - ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა მიჯაჭვულობა ევროკავშირთან, თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, დავაჩქაროთ პროცესები
კატრინ კოლონა - ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა მიჯაჭვულობა ევროკავშირთან, თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, დავაჩქაროთ პროცესები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, საქართველოს გაუმართლა, რომ ქვეყანაში არის სერიოზული სამოქალაქო ორგანიზაციები. მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა ინკლუზიური მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

„ილია დარჩიაშვილთან პირველი შეხვედრა მქონდა აქ, მაგრამ პარიზსა და სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით. ორშაბათს შევხვდით ლუქსემბურგში, სადაც იგი მოწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ აქვს დინამიკური, სერიოზული ორგანიზაციები, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის, რასაც ჩვენ – საფრანგეთი და საქართველო ვიზიარებთ. ჩემი რეკომენდაციაა, იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ, რათა წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა ინკლუზიური მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ეს ყოველთვის არის პლუსი“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

როგორც კატრინ კოლონამ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„მოვედი, რომ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მხარდაჭერის მესიჯი გადმოგცეთ. საერთაშორისო რთულ კონტექსტში, გვსურს, ამ ვიზიტით და ასევე ურთიერთობით, რომელიც ორ ქვეყანას აქვს, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით; კონტექსტში, რომელიც რეგიონში არის კომპლექსური, რთული და დაძაბული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ჩვენ გვსურს, რუსეთმა დაასრულოს ომი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომელიც უკვე 14 თვეა, მიმდინარეობს, და საქართველომ ძალიან კარგად იცის ეს, რადგან ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა. აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. მე ეს ბევრჯერ მითქვამს მინისტრისთვის.

განვიხილეთ ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს კანდიდატობის საკითხი. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩამოვედი, ძალიან ბევრი ევროპული დროშა იყო თბილისში. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციებიც და ქართველების 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას. ვფიქრობ, საქართველო არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენ გვსურს, ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ეს არის ისტორიული საშუალება და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე –  როგორ წავიდეთ წინ, როგორ მოვიპოვოთ სტატუსი. ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რეფორმების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან, წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას. მხოლოდ ამის შედეგად მოახდენს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით, საკანონმდებლო სფეროში. რა თქმა უნდა, სხვაც იქნება საჭირო. ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები. რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.