გერმანიის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი 13 ივნისს მომხდარ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს
გერმანიის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი 13 ივნისს მომხდარ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს

გერმანიის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ მომხდარ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ჰანს-გეორგ მასენმა Redaktionsnetzwerk-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ გერმანიის ენეგროკომპანიებზე მომხდარ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალს მიაგნეს.
„დამნაშავეების ხელწერა ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თავდასხმა რუსეთიდან კონტროლდებოდა“,- განაცხადა სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა ინტერვიუს დროს. ჰანს-გეორგ მასენს გამოძიების სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

გერმანიაში მასშტაბური კიბერთავდასხმა 13 ივნისს მოხდა. ბოროტმოქმედებმა გერმანული ენერგოკომპანიის სისტემაში შეღწევა სცადეს. თუმცა მათ მსხვილი კომპანიის მხოლოდ რამდენიმე ოფისის სისტემაში მოიპოვეს წვდომა.

გერმანიაში მსგავსი კიბერთავდასხმა პირველად 2017 წლის ზაფხულში დაფიქსირდა. სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი კომპანიები გახდნენ თავდასხმის მსხვერპლები პირველად, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სპეცსამსახურები ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ.