გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან განიხილავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან განიხილავს. ამის შესახებ ჰეიკო მაასმა ბუენოს აირესში, დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, ირანმა შესაძლოა, ბირთვული პროგრამა კვლავ განაახლოს. ეს კი ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.
მისი სიტყვებით, გერმანია ირანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში იმოქმედებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ პოლიტიკის გამკაცრებას, გერმანელი დიპლომატი აღნიშნულ საკითხს მაიკ პომპეოსთან განიხილავს. როგორც ჰეიკო მაასმა განაცხადა, ის ვაშინგტონს პირადად ეწვევა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდება.
ცოტა ხნის წინ მაიკ პომპეომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ განაცხადა. ამერიკის შეერთებულ შტატებს 12 ძირითადი მოთხოვნა აქვს, რომლებიც ირანმა უნდა დააკმაყოფილოს. მოთხოვნებში, ბირთვულ საკითხთან ერთად, ირანის მხრიდან რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლაა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია