გერმანიის იუსტიციის მინისტრი - ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის
გერმანიის იუსტიციის მინისტრი - ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის

გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის. ეს განცხადება ჰეიკო მაასმა ბერლინში გამართული დემონსტრაციის შემდეგ გააკეთა, სადაც მონაწილეები იერუსალიმის სტატუსის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ, პროტესტის ნიშნად, ისრაელის დროშა დაწვეს.

დემონსტრაცია ბერლინში, აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა. მოგვიანებით, პოლიციის ცნობით, სამართლებრივი დარღვევების საფუძველზე 12 ადამიანი დააკავეს.

მაასის თქმით, ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმი თავდასხმაა ყველა ადამიანზე და მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის.

70 წელზე მეტი გავიდა ჰოლოკოსტიდან, რომელსაც ექვსი მილიონი ებრაელი ემსხვერპლა, თუმცა ანტისემიტიზმი გერმანიაში სენსიტიურ თემად რჩება. გერმანია თავს ისრაელის მოკავშირედ მიიჩნევს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებით გამოწვეული უკმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, დაწვან ისრაელის დროშა და ებრაელების მიმართ სიძულვილი გააღვივონ. გაბრიელის თქმით, ვინც ეს ჩაიდინა, არამხოლოდ ისრაელის, არამედ გერმანიის კონსტიტუციის წინაშე მიუძღვის ბრალი.