გერმანიაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოოქრული ქანდაკების დემონტაჟი განხორციელდა
გერმანიაში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოოქრული ქანდაკების დემონტაჟი განხორციელდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქანდაკების დემონტაჟის მიზეზი მოსახლეობის ნაწილის მწვავე რეაქცია იყო.
ოთხი მეტრის სიმაღლის მოოქრული ქანდაკება სამხატვრო ფესტივალის ფარგლებში, ქალაქ ვისბადენის ცენტრალურ მოედანზე დადგეს. მიმდინარე წელს ფესტივალის თემაა „ცუდი ახალი ამბები“.
ქალაქის ასობით მცხოვრებმა სკულპტურის დადგმის წინააღმეგ საპროტესტო აქცია გამართა. დაუდგენელმა პირებმა კი, ერდოღანის ქანდაკებაზე დატოვეს წარწერა – „თურქი ჰიტლერი“.
პოლიციამ განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს, ამიტომ მეხანძრეებმა ამწეს დახმარებით ქანდაკების დემონტაჟი განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით 28-29 სექტემბერს ჩავა.
გერმანიაში დაახლოებით სამი მილიონი თურქი ცხოვრობს.