კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი გაიმართება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი გაიმართება

15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და  თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ გაიმართება თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი. ღონისძიება ეძღვნება მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმი 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება, სადაც განხილული იქნება დარგში არსებული პრობლემები და განისაზღვრება ქანდაკების მომავალი განვითარებისთვის საჭირო ქმედებები. მოეწყობა სამეცნიერო დისკუსია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. გაიმართება პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების პრეზენტაცია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე  ხელოვანები.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, თანამედროვე ქანდაკების ფორუმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობის“ გამარჯვებული პროექტია და მისი მიზანია თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანთა დახმარება. პროექტის პარტნიორია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.