მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „მერაბ ბერძენიშვილი - ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე“ პრეზენტაცია გაიმართა
მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „მერაბ ბერძენიშვილი - ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე“ პრეზენტაცია გაიმართა

მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა გიორგი ჯანბერიძის წიგნ-ალბომის „მერაბ ბერძენიშვილი. ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე“ პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.

წიგნ-ალბომი „მერაბ ბერძენიშვილი. ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე“ კულტურის სამინისტროს კონკურსის – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტია და სამინისტროსა და კულტურის ფონდის ხელშეწყობით დაიბეჭდა სტამბა „სეზანში“.

„საქართველოს სახალხო მხატვრის, მრავალი ეროვნული ჯილდოსა და საერთაშორისო პრემიის მფლობელის, სახელგანთქმული მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური ხელოვნება ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მისი ქმნილებების გარეშე ძნელია XX საუკუნის ქართული ქანდაკების წარმოდგენა. თითოეული ნამუშევარი მოვლენაა, ქართული კულტურის ძეგლია. ქართველმა ხალხმა ისინი ქალაქების სიმბოლოებად აქცია, მაგრამ ის გრაფიკული ჩანახატები და ესკიზები, რომლებიც საფუძვლად დაედო მომავალი შედევრების შექმნას, აქამდე არ გამოქვეყნებულა. ეს უაღრესად საინტერესო გრაფიკული მასალა პირველად სწორედ გიორგი ჯანბერიძის წიგნშია წარმოდგენილი.

გრაფიკული ჩანახატები მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. თავისუფალი მანერით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ავლენს ხელოვანის აზროვნების თავისებურებებსა და იდეის განვითარების არაჩვეულებრივ უნარს, მონუმენტალისტის ღრმა ემოციით არის გამსჭვალული. დიდი მოქანდაკის სრულყოფილ ტექნიკას საუკეთესოდ წარმოაჩენს პროფესიონალურად გააზრებული ყოველი დეტალი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნში ანოტაციების გვერდით ვეცნობით მერაბ ბერძენიშვილის განმარტებებს, ვკითხულობთ მის მოგონებებს ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გამოცდილებისა და განვლილი ცხოვრების გზის შესახებ.

„ეს არ არის მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკის გამოუქვეყნებელი ნამუშევრების ალბომი. მასში ნათლად ჩანს ცალკეული სკულპტურის შექმნის ისტორია, რაც დიდოსტატის შემოქმედების ბევრ საიდუმლოს ამჟღავნებს.

გამოცემა აქტუალურია სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის პროგრამებთან თანხვედრის გამო და იგი უდავოდ შეუწყობს ხელს ქართული ქანდაკების განვითარებას. წიგნი განკუთვნილია ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების (მოქანდაკეების, მხატვრების, ხელოვნების კრიტიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების, გალერისტების), ხელოვნების მოყვარულების, ფართო საზოგადოებისა და ტურისტებისთვის ქართული ხელოვნებისა და კულტურის უკეთ გასაცნობად“, – აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.