გერმანიის ქალაქებში ათასობით ადამიანმა კანაფის სრული ლეგალიზების მოთხოვნით აქციები გამართა – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. „დოიტჩე ველეს“ ცნობით, დემონსტრაციები აქციის „გლობალური მარში მარიხუანისთვის“ ფარგლებში გაიმართა. სულ საპროტესტო აქციები გერმანიის 21 ქალაქში გაიმართა, მათ შორის, ბერლინში, კელნში, დუსელდორფსა და დრეზდენში, ასევე ავსტრიისა და შვეიცარიის ქალაქებში. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით – „ჯანმრთელობა სისხლის სამართლის დევნის ნაცვლად“.
როგორც „დოიტჩე ველე“ წერს, 2017 წლის მარტში გერმანიაში კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება დასაშვები გახადეს. 2019 წლიდან სამედიცინო პრეპარატების წარმოება იგეგმება არა მხოლოდ იმპორტირებული კანაფის გამოყენებით, არამედ გერმანიის ტერიტორიაზე მოყვანილი მცენარითაც.
იანვრის დასაწყიში კანაფით ვაჭრობის ლეგალიზების ინიციატივით გერმანიის კრიმინალური პოლიციის მოსამსახურეთა კავშირი (BDK) გამოვიდა. გაერთიანების მოსაზრებით, არსებული შეზღუდვები „შავი ბაზრის“ განვითარებას უწყობს ხელს.