მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ქართული ორგანიზაციები, რომლებმაც სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მარიხუანას კულტივირების ლეგალიზებაზე ინფორმაცია მიაწოდეს
მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ქართული ორგანიზაციები, რომლებმაც სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მარიხუანას კულტივირების ლეგალიზებაზე ინფორმაცია მიაწოდეს

ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ადამიანები თუ ქართული ორგანიზაციები, რომლებმაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, როცა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხვდება ინფორმაცია, რომ საქართველომ თითქოს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ მარიხუანას კულტივაცია ლეგალურია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ასე არ მომხდარა და ყველამ იცის, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით კანონპროექტი გაწვეულ იქნა.

„თუმცა, ეს ამბავი ანგარიშში მაინც მოხვდა, თითქოს, პროცესი ასე დასრულდა. აქედან გამომდინარე, სულ მცირე, სერიოზული უხერხულობაა. იმედია, მომავალში მსგავსი უხერხულობები ჩვენს მთავარ პარტნიორებს არ შეექმნებათ და ჩვენც არ შეგვექმნება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიმწოდებელმა სერიოზული უხერხულობა შექმნა.

„ამ ინფორმაციის მიმწოდებელმა სერიოზული უხერხულობა შექმნა, რაც აღმოსაფხვრელია და იმედია, მსგავსი უზუსტობები მომავალში არ იქნება, რადგან საუბარია ჩვენს მთავარ პარტნიორებზე, რომელიც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, არასამთავრობო სექტორთან. იცით, რომ ეს ინფორმაცია ხელისუფლების მიერ მიწოდებული ნამდვილად არ არის“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.

ამასთან, გასული წლის ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული იყო კანონპროექტი კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამის გამო, კანონპროექტი უკან გაიწვიეს.