აღმოჩენილია ქოთნები, რომლებითაც ადამიანები 2500 წლის წინ კანაფს ეწეოდნენ
აღმოჩენილია ქოთნები, რომლებითაც ადამიანები 2500 წლის წინ კანაფს ეწეოდნენ

ცნობილია, რომ ადამიანები კანაფს ათასობით წელიწადია სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ, მაგრამ მისი, როგორც ნარკოტიკის ისტორიის კვლევა ცოტა რთულია. თუმცა, მეცნიერებს ხელში ჩაუვარდათ საკმაოდ საინტერესო მტკიცებულება — დაახლოებით 2500 წლის წინ, ცენტრალურ აზიაში ხალხი მარიხუანას დაკრძალვებზე ეწეოდა.

პამირის პლატოზე, ჯირზანკალის უძველეს სასაფლაოზე, საკმევლის საწვავ ჭურჭელში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) მეტაბოლიტი მჟანგავის — კანაბინოლის კვალი.

მიუხედავად იმისა, რომ კანაფის კულტივირება ბევრად უფრო ადრეც, სულ მცირე 4000 წლის წინაც ხდებოდა, მისი ძირითადი დანიშნულება თესლისგან ზეთის მიღება და ქსოვილების დამზადება იყო; ამისათვის იყენებდნენ THC-ის ძალიან დაბალი კონცენტრაციის მქონე მარიხუანას.

არქეოლოგთა განცხადებით, ეს აღმოჩენა ყველაზე ძველი აშკარა მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ კანაფს მისი ფსიქოაქტიური თვისებების გამოც იყენებდნენ.

ძეგლზე გათხრები 2013 წელს დაიწყო; აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის იყო ხის 10 სადგარის ფრაგმენტები ქვებითურთ, რომლებშიც აშკარაა წვის კვალი.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, მას სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. ქიმიური შემადგენლობის გასარკვევად ხიდან და ქვებიდან ნარჩენების ნიმუშები აიღეს.

ერთ-ერთი თასიდან აღებულ ორგანულ ნივთიერებათა ანალიზისათვის მეცნიერებმა აირ-ქრომატოგრაფიული მასის სპექტრომეტიის მეთოდი გამოიყენეს. პირველი ტესტისას, ნახშირის შიდა ფენაში აღმოჩნდა კანაბისის ბიომარკერთა კვალი.

იმისათვის, რათა აღმოჩენაში საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა ტურპანის რეგიონის ერთ-ერთ უძველეს სასაფლაოზე აღმოჩენილ კანაფის ნიმუშებს, რომლებიც ძვ. წ. 790-520 წლებით თარიღდება.

ამის შემდეგ, ანალიზები დანარჩენ ნიმუშებსაც ჩაუტარდა.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგ იმინ იანგის განცხადებით, გამოვლინდა კანაფის ფსიქოაქტიურ თვისებებთან დაკავშირებული ბიომარკერები და სხვა ადგილობრივი ქიმიური ნივთიერებები.

მისი თქმით, ეს გახლავთ კანაფის მოწევის უძველესი ქიმიური მტკიცებულება.

ქვებზე და თასებში არსებული დამწვარი ნარჩენებიდან თითქმის ყველა შეიცავს კანაბინოლის კვალს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მცენარე კანაფს განზრახ წვავდნენ სპეციალურ სადგამზე მოთავსებულ გახურებულ ქვაზე.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მონაცემები მიუთითებს THC-ის იმაზე მაღალ კონცენტრაციაზე, ვიდრე ეს ველურ კანაფშია.

გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ ჯირზანკალის რეგიონის მცხოვრებნი ან ეძებდნენ THC-ის მაღალი შემცველობის მქონე კანაფს, ან სპეციალურად მოჰყავდათ. რომელი ვერსიაა სინამდვილეში მართებული ძნელი გასარკვევია, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდნენ.

მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კანაფის გამოყენება მისი ფსიქოაქტიური მიზნებით, პირველად სწორედ ცენტრალური აზიის რეგიონში დაიწყო.

ამის შემდეგ, აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტების წყალობით, სულაც არ იქნებოდა ძნელი მისი გავრცელება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მასშტაბით.

მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერებათა ინსტიტუტის არქეობოტანიკოსის, რობერტ შპენგლერის განცხადებით, ეს ადამიანები მათ გარშემო არსებულ მცენარეულობაზე ევოლუციურ ზეწოლას ახდენდნენ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, მცენარის მოშინაურებით სრულდებოდა. მისივე თქმით, ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ მცენარეებს, რომლებსაც ეფექტი ჰქონდა მათ სხეულზე.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.