გენგეგმის თანახმად, მიზანშეწონილია, სამრეწველო საწარმოებისთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და ლიმიტის ზევით ხარჯვაზე ჯარიმა დაწესდეს
გენგეგმის თანახმად, მიზანშეწონილია, სამრეწველო საწარმოებისთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და ლიმიტის ზევით ხარჯვაზე ჯარიმა დაწესდეს

თბილისის ზღვა დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტია, – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი.

გეგმაში დედაქალაქის წყალმომარაგებას ცალკე თავი ეთმობა.

როგორც გენგეგმაშია აღნიშნული, წყალმომარაგების თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა განვითარება, რომელიც უშუალოდ თბილისის ზღვის მიმდებარედ ხდება ან გულისხმობს შესაძლო გავლენას წყლის ხარისხზე ან წყალმომარაგების საოპერაციო მაჩვენებლებზე, თბილისის ზღვის დაცვითი პირობების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით უნდა შეთანხმდეს.

ამასთან, გენერალური გეგმის თანახმად, წყლის რესურსების ირაციონალური გადახარჯვების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია ტექნიკური და სასმელი წყლების სისტემების ერთმანეთისგან განცალკევება. ასევე, ხელი უნდა შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.

გეგმის თანახმად, მიზანშეწონილია, დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე საჯარიმო სანქციები.

ამასთან, გეგმაში მითითებულია, რომ ქალაქისა და მისი ცალკეული უბნების ალტერნატიული მომარაგების საშუალების არსებობა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა უნდა მოხდეს, რომელიც მსგავსი ტიპის განვითარებას გულისხმობს. ამასთან, საუბარია რესურსებდამზოგავი სისტემების წახალისებასა და დანახარჯების შემცირების ხელშემწყობი სხვა აქტივობების მნიშვნელობაზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სამშენებლო ობიექტის განთავსება იწვევს სხვა ობიექტების წყალმომარაგების პირობების გაუარესებას, გენგეგმაში აღნიშნულია, რომ ობიექტზე ნებართვის გაცემის პროცესში კომპენსირების მექანიზმები უნდა იქნეს გათვალისწინებული.