გენეტიკური ანალიზი მიუთითებს, რომ ინდიელები პოლინეზიის კუნძულებს პრეისტორიულ ხანაში სტუმრობდნენ — #1TVმეცნიერება
პოლინეზიის კუნძულებზე ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების საკითხი ისტორიკოსთა გაოცებას აგრძელებს. როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ამერიკის ადგილობრივი ხალხები (ინდიელები) ამ ზონას შეიძლება ევროპელ ახალმოსახლეებამდე ასეულობით წლებით ადრე სტუმრობდნენ.
800-ზე მეტი თანამედროვე თუ პრეისტორიული პოლინეზიელისა და ინდიელის გენომის დნმ-ის დეტალური ანალიზის შემდეგ, მკვლევრებმა მიაგნეს ამ ორ ჯგუფს შორის ჯერ კიდევ ახ. წ. 1200 წლისთვის არსებულ კონტაქტს.
მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო გენეტიკური ნაზავის ნიშნებს, რომლებიც დაახლოებით ამ პერიოდში მომხდარი კონტაქტის ერთ მოვლენას უკავშირდება; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალბათ უნდა გადაიხედოს ამჟამინდელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა ამ კუნძულების მოსახლეობა მე-18 საუკუნემდე, როდესაც იქ პირველად გამოჩნდნენ ევროპელი ვაჭრები და მისიონერები.
„ჩვენი ანალიზები მკაფიოდ მიუთითებს, რომ რაპა-ნუის (აღდგომის კუნძული) დასახლებამდე, აღმოსავლეთ პოლინეზიაში პოლინეზიელ ინდივიდებსა და ინდიელთა ჯგუფს შორის მოხდა კონტაქტის ერთი მოვლენა; ინდიელთა ეს ჯგუფი ახლოს ენათესავება თანამედროვე კოლუმბიის მცხოვრებ ინდიელებს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
საინტერესოა, რომ ეს პირველი გენეტიკური კვლევაა, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკელი მოგზაურების კონტაქტის თავდაპირველი წერტილი იყო არა აღდგომის კუნძული — სამხრეთ ამერიკასთან უახლოესი კუნძული — არამედ აღმოსავლეთ პოლინეზიის ერთ-ერთი არქიპელაგი, მარკიზის კუნძულები.
ამ იდეაზე წარსულში მუშაობდა ნორვეგიელი მკვლევარი და ანთროპოლოგი თურ ჰეიერდალიც, რომელმაც პერუდან ტუამოტოს კუნძულებამდე 8000 კილომეტრი გაცურა ინკების ტრადიციული ხის ნავით, სახელად კონ-ტიკი; ჰეიერდალმა ამით აჩვენა, რომ ძველ დროში ასეთი მოგზაურობა სრულიად შესაძლებელი იყო.
ჰეიერდალს ეს მოგზაურობა შთააგონა კუნძულების ადგილობრივთა ლეგენდამ, რომლის მიხედვითაც, მათი წინაპრები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ.
წინა კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო აღდგომის კუნძულზე, როგორც სამხრეთ ამერიკელ მეზღვაურთა ყველაზე სავარაუდო გადმოსვლის წერტილზე, რადგან კონტინენტთან ეს კუნძული ყველაზე ახლოს არის; თუმცა, ახალი კვლევის ავტორთა განცხადებით, რეალური ამბავი შეიძლება გარკვეულწილად განსხვავებული იყო.
მკვლევრებმა აღდგომის კუნძულის დამაინტრიგებელი ისტორიის კვლევაც გააგრძელეს და როგორც ანალიზებმა აჩვენა, ინდიელები იქ ევროპელებამდე მივიდნენ. ასეთი რამ არც ერთი წინა კვლევისას არ გამოაშკარავებულა.
თუმცა, ახალი კვლევა მარტო არ არის. არსებობს გარკვეული მსგავსებები პრეისტორიულ კოლუმბიასა და აღმოსავლეთ პოლინეზიის კუნძულებზე არსებულ ქანდაკებებს შორის; კავშირები ენაში; ერთი კვლევა კი მიუთითებს ოკეანის ხელსაყრელ დინებებზე ზუსტად იმ დროისთვის, როდესაც ახალი კვლევის მიხედვით, ინდიელები პოლინეზიაში მოგზაურობდნენ.
კვლევის ავტორები აღიარებენ, რომ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც — მაგალითად, პოლინეზიელებმა გაცურეს სამხრეთ ამერიკისკენ და უკან ინდიელებთან ერთად დაბრუნდნენ. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ყველაზე რეალურია მათი ჰიპოთეზა ახ. წ. 1200 წლისთვის შემდგარი პირველი კონტაქტის შესახებ.
დედამიწის ამ ნაწილის შესახებ ჩატარებული თითქმის ყოველი კვლევა თავის მხრივ მომაჯადოებელია და მეცნიერებს ახალ გზებსა და სხვადასხვა დისციპლინათა კომბინაციას სთავაზობს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა რეალურად მრავალი საუკუნის წინ.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ გამოსადეგია თანამედროვე მოსახლეობის გენეტიკური კვლევები, რაც დიდი ზომის ნიმუშებს გვაძლევს კომპლექსურ პრეისტორიულ კითხვებზე პასუხის გასაცემად; ამავე დროს წარმოაჩენს ანთროპოლოგიური, მათემატიკური და ბიოლოგიური მიდგომების კომბინაციის მნიშვნელობას ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად“, — წერს მკვლევართა ჯგუფი პუბლიკაციაში.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.