რა დანიშნულება ჰქონდა აღდგომის კუნძულის ქანდაკებებს — დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
რა დანიშნულება ჰქონდა აღდგომის კუნძულის ქანდაკებებს — დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია

ისინი უკვე ასობით წელია გაუნძრევლად დგანან და მდუმარებას გასცქერიან — მოაი, იდუმალებით მოცული ათასამდე მონოლითური ქანდაკება, რომელიც დედამიწის ყველაზე იზოლირებულ ადგილას, აღდგომის კუნძულზეა აღმართული.

მკვლევრებს დიდი ხანია საგონებელში აგდებს, თუ როგორ შექმნეს ეს კერპები და რატომ დაემხო შემდეგ პოლინეზიური ცივილიზაცია, რომელმაც ისინი აღმართა. ბოლომდე გაურკვეველია ამ ქანდაკებების სიმბოლური მნიშვნელობაც.

თუმცა, ახალი საერთაშორისო კვლევა სრულიად ახალ მოსაზრებას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა მოაის ქანდაკებები კუნძულელებისთვის, რომლებმაც ისინი სპეციალურ კარიერებში გამოკვეთეს.

სკულპტურების 90 პროცენტზე მეტი გამოაქანდაკეს კარიერში, რომელსაც რანო-რარაკუს უწოდებდნენ. ეს გახლავთ ვულკანური კრატერი, რომლის ფუძეც კუნძულის მთლიანი ფართობის ერთ პროცენტს იკავებს; ის კუნძულზე მიმოფანტული მეგალითური სკულპტურული ობიექტების წარმოებაში გამოყენებული ქვის ერთადერთი წყაროა.

რეგიონში აღებული ქანების ანალიზების შემდეგ, მკვლევრები აცხადებენ, რომ რანო-რარაკუში მეტი რამ იმალება, ვიდრე უბრალოდ კლდოვანი ქანები.

აშშ-ის სივენის სამხრეთის უნივერსიტეტის გეოარქეოლოგის, სარა შერვუდის განცხადებით, ანალიზების ქიმიურმა შედეგებმა იგი იმდენად გააოცა, რომ ნიმუშები ორჯერ აიღო.

საქმე ის არის, რომ ამ საბადოში აღმოჩნდა ისეთი ნივთიერებების მაღალი დონე, რომელთა არსებობაც მეცნიერები იქ ვერ წარმოედგინათ — მაგალითად, კალციუმი და ფოსფორი. ნიადაგის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა მცენარეების ზრდისა და დიდი მოსავლისთვის გადამწყვეტ ქიმიურ ელემენტთა მაღალი დონეც.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ზოგადი შეხედულების მიხედვით, ამ კარიერის რეგიონი წარმოადგენდა ინდუსტრიულ ადგილს, რომელსაც მოაის ქანდაკებების დასამზადებლად და დროებით შესანახად იყენებდნენ; შემდეგ კი ისინი კუნძულის სხვადასხვა ადგილას გადაჰქონდათ და აღმართავდნენ.

თუმცა, თითქმის 400 ქანდაკება კარიერშია დატოვებული, ზოგიერთი კი ნიადაგშია ჩამარხული გამაგრებული ქანების სტრუქტურების დახმარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი იქ დროებით არ მოუთავსებიათ. მკვლევართა თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს უნიკალურად მდიდარი ნიადაგი.

რანო-რარაკუს კარიერი

როგორც შერვუდი აღნიშნავს, კუნძულზე ნიადაგი ყველგან სწრაფად გამოიფიტა და ეროდირდა, გამოილია მცენარეთა საკვები ელემენტები.

თუმცა კარიერში, სადაც გამოქანდაკების პროცესის შედეგად მუდმივად იბნეოდა მიწის პატარა ფრაგმენტები და წარმოიქმნებოდა წყლის, ბუნებრივი სასუქისა და საკვები ნივთიერებების ბრწყინვალე უკუკავშირის სისტემა.

გარდა ნაყოფიერი ნიადაგის მტკიცებულებისა, მკვლევრებმა ნიმუშებში ასევე იპოვეს უძველეს კულტურათა კვალი. მათ შორის არის ბანანი, ტარო, ტკბილი კარტოფილი და თუთის ხე.

მეცნიერთა აზრით, ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ მოაის წარმოებისას გარდა, რაპა-ნუის საზოგადოება კარიერის ასევე იყენებდა საკვების მოსაყვან სივრცედ. რანო-რარაკუს მდიდარ ნიადაგზე უხვი მოსავალი შედარებით ნაკლები შრომის შედეგად უნდა მოსულიყო.

როგორც ავტორები განმარტავენ, მონაცემებზე და რანო-რარაკუს ქვებსა და მის მეგალითურ რესურსებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ეს ადგილი მათთვის განსაკუთრებით ღირებული და დაცული იყო. როგორც ჩანს, მოსავლის გაზრდის მიზნით, ნიადაგი აქედან სხვა ადგილებშიც გადაჰქონდათ.

თუმცა, საინტერესოა, რატომ აღმართეს მოაის ქანდაკებები უშუალოდ კრატერშიც, სადაც მათ აწარმოებდნენ?

დიდი ხანია მიიჩნევა, რომ მონოლითების ცერემონიული დანიშნულება დაკავშირებული იყო ნაყოფიერების რიტულებთან; მკვლევართა აზრით, მათ მიერ ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგად, გაჩნდა ამის ქიმიური მტკიცებულებაც. ამოჭრილი ორმოების აღმოჩენა ასევე მიუთითებს, რომ მოაის სავარაუდოდ აღმართავდნენ იმიტომ, რომ ამ ქანდაკებებს მათი მწვანე სავარგულებისთვის უსასრულოდ ეცქირათ.

ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ჯო ან ვან ტილბურგის განცხადებით, ეს კვლევა რადიკალურად ცვლის იმ მოსაზრებას, რომ რანო-რარაკუს საბადოში მდგარი ქანდაკებები უბრალოდ ტრანსპორტირებას ელოდებოდნენ.

მისი თქმით, რანო-რარაკუში ქანდაკებებს თავად კარიერის წმინდა გარემოს შესანარჩუნებლად აღმართავდნენ და ასე ტოვებდნენ. მოაი წარმოადგენდა ნაყოფიერების იდეის ცენტრალურ ნაწილს, რაპა-ნუის (აღდგომის კუნძულის ადგილობრივი სახელწოდება) ხალხს სჯეროდა, რომ იქ მდგარი ქანდაკებები სოფლის მეურნეობის მოსავლიანობას ზრდიდა.

კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newsroom.ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.