ახალმა კვლევამ აღდგომის კუნძულის ყველაზე დიდ საიდუმლოებს საბოლოოდ გასცა პასუხი — #1tvმეცნიერება
ახალმა კვლევამ აღდგომის კუნძულის ყველაზე დიდ საიდუმლოებს საბოლოოდ გასცა პასუხი — #1tvმეცნიერება

რაპა-ნუი, იგივე აღდგომის კუნძული, პოპულარულ კულტურაში ხშირად წარმოჩენილია, როგორც საიდუმლოებით მოცული ადგილი. დასაბუთება ნათელია — წყნარი ოკეანის ამ ციცქნა, მიყრუებულ კუნძულზე აღმართულია თითქმის 1000 უზარმაზარი ქანდაკება, იგივე მოაი.

ამ მონუმენტთა მასშტაბის და რაოდენობის ახსნა ადვილი არ არის.

მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნეში ეს ქვის გიგანტები ევროპელებმა პირველად ნახეს, გარესამყარომ კუნძული აბსოლუტურ იდუმალებად შერაცხა, თითქოს მისი ახსნა არქეოლოგთა შესაძლებლობების ზღვარს მიღმა იყო. ნაწილობრივ სწორედ ამან გახადა კუნძული ასე სახელგანთქმული.

ტუროპერატორები აუხსნელს კარგად ყიდიან. დოკუმენტური ფილმები ამოუხსნელ თავსატეხს გვპირდებიან. პოპულარული წიგნები სვამენ კითხვას, როგორ შეეძლო „პრიმიტიულ ხალხს“ 70-ტონიანი მეგალითების გადაადგილება.

არქეოლოგიურმა კვლევებმა ქანდაკებების მრავალი სხვადასხვა ახსნა შემოგვთავაზა. მონუმენტები 1200 – 1700 წლებს შორისაა აგებული, მაგრამ კონსენსუსი არც ამ საკითხზე არსებობს.

ათწლეულების განმავლობაში, ექსპერტები შესაძლო სცენარებს გვთავაზობდნენ: ძლევამოსილი მმართველები მუშებს მეთაურობდნენ; ელიტების მიერ კონტროლირებადი ქანდაკებების კარიერები; ხის ციგები, რომლებსაც ასეულობით კუნძულელი მიათრევდა; საგორავები სისტემები, ხის ლიანდაგები და ა. შ. ავტორიტეტულ მტკიცებებსა და დამაჯერებელ ნარატივებზე დაყრდნობით, ეს ცნობები იშვიათადაა დაკავშირებული არქეოლოგიურ მტკიცებულებებთან.

ნიუ-იორკის ბინჰემტონის უნივერსიტეტის არქეოლოგი, ანთროპოლოგიის პროფესორი კარლ ლიპო აღდგომის კუნძულს უკვე ოც წელიწადზე მეტია, რაც სწავლობს. ახალ კვლევაში, მან და მისმა კოლეგებმა საიდუმლო სამი არსებითი გზით ამოხსნეს.

პირველ რიგში, დრონით გადაღებული 11 686 ფოტოს გამოყენებით შექმნეს რანო-რარაკუს ყოვლისმომცველი, სამგანზომილებიანი მოდელი; რანო-რარაკუ არის ვულკანური კრატერი, საიდანაც არის გამოქანდაკებული მოაის 95 პროცენტი. ეს სისტემური დოკუმენტირება იყო — ყოველი კალთა, ყოველი ამოჭრილი ზედაპირი, წარმოების ყოველი მახასიათებელი სანტიმეტრიანი რეზოლუციით გადაიღეს.

მოდელმა დადო პროგნოზები, რომელთა დატესტვაც შესაძლებელი იყო: თუკი წარმოება ცენტრალიზებული იყო, სახელოსნოები შეჯგუფებული უნდა ყოფილიყო; თუკი ისინი იერარქიული იყო, გამოყენებულ რესურსთა თითოეულ დონეში უნდა აღმოეჩინათ სხვაობები; თუკი ეს ელიტების მიერ იყო ნაბრძანები, ტექნოლოგია სტანდარტიზებული უნდა ყოფილიყო.

მონაცემებმა საპირისპირო ცხადყო: დრონის ფოტოებმა აჩვენა 30 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ერთდროულად მომუშავე სახელოსნო. როგორც ჩანს, ზემოდან-ქვემოთ ორგანიზების ნაცვლად, პატარა, კლანების დონის ჯგუფები ინოვაციურ ადამიანურ ინჟინერიას იყენებდნენ.

რანო-რარაკუს ახსნის წინა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ამოუხსნელ საიდუმლოს მალავდა, არამედ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის ნაკლებობისა და ტრადიციული რუკების შედგენის მეთოდების შეზღუდვების გამო. ორგანზომილებიანი რუკები ვერ ასახავს სამგანზომილებიან კავშირებს.

ქანდაკებები კლდიდან სხვადასხვა კუთხითაა ამოჭრილი. წარმოების ზონები ვერტიკალურადაა გადადებული ერთმანეთზე. კვეთის თანმიმდევრობები დროში იკვეთება. ტრადიციული არქეოლოგიური მეთოდები გვთავაზობდა შთაბეჭდილებებს, მაგრამ ეკლდა დეტალები და ვერ ასახავდა სისტემას, როგორც მთლიანობას.

ჯგუფის მიერ შექმნილმა 3D მოდელმა ეს ყველაფერი შეცვალა.

მკვლევრებმა გამოავლინეს წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 426 მოაი, 341 ამოღების თხრილი, 133 სიცარიელე, საიდანაც დასრულებული ქანდაკებებია ამოღებული და იქამდე აღურიცხავი კარიერების ზონები გარე კალთებზე. თითოეული სახელოსნო დამოუკიდებელი იყო, რაც დეცენტრალიზაციას აჩვენებს.

გამოჩნდა კვეთის სამი სხვადასხვა ტექნიკა, რაც აჩვენებს, რომ სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა მიდგომას იყენებდა სტანდარტიზებული ფორმების საწარმოებლად.

მოსიარულე მოაი

ამის შემდეგ, მკვლევრებმა დაამუშავეს მონაცემები, რათა პასუხი გაეცათ დიდი ხნის კითხვისთვის მოაის ტრანსპორტირების შესახებ — როგორ გადაადგილებდა რაპა-ნუის ხალხი ამ გიგანტურ მეგალითებს?

მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, ტრანსპორტირების ყველა წინა თეორიას ფატალური ხარვეზი ჰქონდა — ვერ აკეთებდნენ პროგნოზებს, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელი იქნებოდა, ანუ მეცნიერებს არც მათი დამტკიცება შეეძლოთ, არც უარყოფა.

მოსიარულე მოაის ჰიპოთეზა ეფუძნებოდა ზეპირ გადმოცემებს, პირველად შეიმუშავა მკვლევარმა სერხიო რაპუ ჰოამ და დატესტა ჩეხმა ინჟინერმა პაველ პაველმა; ასე გაჩნდა კონკრეტული, დატესტვადი პროგნოზები. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ „გზის მოაები“, ანუ ის ქანდაკებები, რომლებიც მიტოვებული იყო ტრანსპორტირებისთვის აშენებული გზების გასწვრივ, მორფოლოგიურად განსხვავდებოდა საბოლოო დანიშნულების ადგილას, დიდ პლატფორმებზე, სახელად აჰუზე განთავსებულებისგან.

მკვლევრებმა გაზომეს უძველესი გზის პირებზე მიტოვებული 62 მოაი. ისინი მართლაც სხვანაირი აღმოჩნდა. გამოირჩეოდნენ განიერი ძირით, D-ის ფორმის კვეთის სექციებით და 5-15 გრადუსით წინ გადახრით.

ეს მახასიათებელი აუცილებელი არ იქნებოდა, თუკი მოაი ჰორიზონტალურ პოზიციაში გადაჰქონდათ. უფრო შესაძლებელი ჩანდა ვერტიკალური ტრანსპორტირება, ე. წ. მოსიარულე ქანდაკება.

2013 წელს მკვლევართა ამავე ჯგუფმა ბეტონისგან შექმნა გზის მოაის 4,35-ტონიანი ასლი. ის გზის პირას, ტრანსპორტირების დროს მიტოვებული ქანდაკების ზუსტი რეპლიკა იყო. სამი თოკის გამოყენებით, 18-მა ადამიანმა ქანდაკება 100 მეტრის მანძილზე ატარა 40 წუთში.

ახალ კვლევაში მათ დაამტკიცეს, რომ ფიზიკამ დაადასტურა ის, რაც სიარულის დროს მოაის რეპლიკამ აჩვენა გზის მოაის ფორმის შესახებ. წინ გადახრილობა წარმოქმნის ინვერსიულ ქანქარას, რომელიც გვერდით რხევას წინსვლად გარდაქმნის.

ის მოაები, რომლებმაც პლატფორმა აჰუმდე მიაღწია, უნდა გადაეკეთებინათ, რათა სტაბილურად დამაგრებულიყვნენ, გზის პირას მიტოვებულებს კი კვლავ უნდა ჰქონოდათ ის მახასიათებლები, რომლებიც მათ „სიარულში“ ეხმარებოდა.

ლანდშაფტზე მოაის განაწილების მონაცემებმა კიდევ ერთი ტესტი შემოგვთავაზა: კარიერიდან წამოღებული გზის მოაების ადგილმდებარეობები მიუყვებოდა ექსპონენციალური დაშლის მრუდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირებაში მოაების მარხსის ალბათობა ყველაზე მაღალია კარიერთან ახლოს და მცირდება მანძილთან ერთად, რადგან გზაში დაცემულები უფრო შორს ვეღარასოდეს მიჰქონდათ.

გზის მოაის მოტეხილობათა ნიმუშები ემთხვევა ვერტიკალური დარტყმის დაძაბულობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გატეხილი ქანდაკებები მდგარი პოზიციიდან დავარდნისას არის დაზიანებული.

პროგნოზი ტესტირებით დადასტურდა.

გაუტყეურება კოლაფსის გარეშე

მესამე „საიდუმლოა“, როგორ უნდა გაენადგურებინა მოწინავე საზოგადოებას საკუთარი გარემო. მე-17 საუკუნის მიწურულისთვის, კუნძული გაუტყეურებული იყო.

ეს საიდუმლო ასევე დაექვემდებარა სისტემატურ ანალიზს.

მკვლევრებმა შეისწავლეს წინა არქეოლოგიური გათხრების მონაცემები. ადამიანების მიერ ვირთხების ჭამის ზრდის ნაცვლად, რასაც საკვების სხვა რესურსთა სიმწირის გამო საკვების უკმარისობაზე უნდა მიეთითებინა — აღმოჩნდა, რომ ადამიანთა ნაჭამი ვირთხების ნარჩენები დროთა განმავლობაში შემცირდა და სამაგიეროდ, ყველგან დომინირებდა ზღვის პროდუქტები.

ეკოლოგიურმა მოდელირებამ ცხადყო ის, რაც მკვლევართა აზრით, მართლაც მოხდა. პოლინეზიური ვირთხები, რომლებიც კუნძულზე დაახლოებით 1200 წელს მოხვდნენ პოლინეზიელ კოლონისტებთან ერთად, სულ რამდენიმე წელიწადში მილიონობით უნდა გამრავლებულიყვნენ.

ვირთხებმა კუნძულის ხეების თესლების 95 პროცენტი შეჭამეს, რითაც ხელი შეუშალეს ტყის რეგენერაციას. ადამიანებმა მიწა კულტივაციისთვის მოასუფთავეს, მაგრამ ვირთხებმა შეუძლებელი გახადეს პალმის ტყეების აღდგენა. როგორც ჩანს, სინერგიულმა ურთიერთქმედებამ ხუთი საუკუნის განმავლობაში გაუტყეურება დააჩქარა.

ეს „ეკოციდი“, ანუ განზრახული თვითგანადგურება კი არ იყო, არამედ გაუთვალისწინებელი ეკოლოგიური ტრანსფორმაცია, რომელიც კუნძულზე უცხო სახეობის ცხოველის შემოყვანამ გამოიწვია.

ახალმა კვლევამ ასევე აჩვენა ისიც, რომ რაპა-ნუის ხალხმა შეითვისა სოფლის მეურნეობაში ქვით მულჩირება, რამაც გააუმჯობესა ნიადაგის პროდუქტიულობა. ზღვის პროდუქტების ჭამას და ქანდაკებების წარმოებას ისინი გაუტყეურების (დეფორესტაცია) დაწყებიდან 500 წლის შემდეგაც აგრძელებდნენ.

რაპა-ნუის საიდუმლოთა ამოსახსნელად, მკვლევართა ამ ჯგუფმა სისტემური დოკუმენტირება გამოიყენა. დაადგინეს შემოწმებადი პროგნოზები, შეაგროვეს მონაცემები, რომლებიც შეცდომებს ამტკიცებდა და დაამტკიცეს ისინი, რომლებსაც მტკიცებულებები აჩვენებდა.

აღდგომის კუნძული მაგალითია იმისა, რომ მეთოდურ კვლევას ღრმად ფესვგადგმული საიდუმლოებებიც კი ემორჩილება.

კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.