აღდგომის კუნძულზე აღმოაჩინეს ქანდაკება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წყალში იყო ჩაძირული — #1tvმეცნიერება
აღდგომის კუნძულზე აღმოაჩინეს ქანდაკება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წყალში იყო ჩაძირული — #1tvმეცნიერება

აღდგომის კუნძულზე, ვულკანის კრატერის დამშრალ ლაგუნაში, სახელგანთქმული ქანდაკებების, მოაის ახალი ეგზემპლარი აღმოაჩინეს.

„ამ ქანდაკებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს სამეცნიერო კვლევებში, ნამდვილად უნიკალური აღმოჩენაა, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც მოაი რანო-რარაკუს კრატერის ლაგუნაში აღმოვაჩინეთ“, — წერს ადგილობრივი საზოგადოება მაუ-ჰენუა განცხადებაში.

ქანდაკება 21 თებერვალს აღმოაჩინა ჩილეს სამი უნივერსიტეტის სამეცნიერო მოხალისეთა ჯგუფმა; ისინი ერთობლივად აწარმოებენ პროექტს, რომლის მიზანიც ვულკან რანო-რარაკუს კრატერის ჭაობის აღდგენაა.

ამ რეგიონში რამდენიმე მოაი ოქტომბერში გაჩენილი ტყის ხანძრისას დაზიანდა. აღდგომის კუნძულს რაპა-ნუისაც უწოდებენ, ეკუთვნის ჩილეს და მდებარეობს ამ ქვეყნის დასავლეთ სანაპიროდან 3500 კილომეტრში, წყნარ ოკეანეში.

„მოაის ეს ქანდაკება მოთავსებულია ლაგუნას ცენტრში, რომლის დაშრობაც 2018 წელს დაიწყო. საინტერესო ის არის, რომ სულ მცირე ბოლო 200-300 წლის განმავლობაში, ეს ლაგუნა სამი მეტრის სიღრმის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქანდაკებას ამ პერიოდში იქ ადამიანი ვერ დატოვებდა“, — ამბობს რაპა-ნუის ეროვნული პარკის ხელმძღვანელი ნინოსკა ავარეიპუა ჰუკი კუადროსი.

მოაი ქვისგან გამოთლილი მონოლითური ქანდაკებებია, წაგრძელებული სახითა და ფეხების გარეშე. ძირითადად გამოთლილია ტუფისგან, ერთგვარი ვულკანური ფერფლისგან, რომლის საბადოც ვულკან რანო-რარაკუსთან არის.

ახლად აღმოჩენილი მოაის სიგრძე 1,6 მეტრია და ზურგზე იყო დაწოლილი, სახით ცისკენ. მისი სხვა ადგილას გადატანა არ იგეგმება.

ვულკანი რანო-რარაკუ და მისი ქანდაკებები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

აღდგომის კუნძული პოლინეზიელი ხალხით იყო დასახლებული. 1888 წელს მისი ანექსია ჩილემ მოახდინა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.