გენეტიკოსებმა არამწეველებში ფილტვის კიბოს წყაროს თითქმის მიაგნეს — #1tvმეცნიერება
გენეტიკოსებმა არამწეველებში ფილტვის კიბოს წყაროს თითქმის მიაგნეს — #1tvმეცნიერება

ფილტვის კიბოთი დაავადებულ ადამიანთა უმეტესობას მწეველის ისტორია აქვს. თუმცა, შემთხვევათა დაახლოებით მეოთხედი მოდის პაციენტებზე, რომლებსაც სიცოცხლეში არასოდეს მოუწევიათ.

არამწეველებზე, უფრო ზუსტად კი არასოდეს მწეველ ადამიანებზე ჩატარებულმა ახალმა, დიდმა კვლევამ გამოავლინა ფილტვის კიბოს სამი უნიკალური ქვეტიპი, რომელიც როგორც ჩანს, გარემოსგან რაიმე აშკარა გამომწვევი მიზეზის გარეშე წარმოიქმნება, მაგალითად, მოწევის, ასბესტის ან ჰაერის დაბინძურების გარეშე.

„დავადგინეთ, რომ არასოდეს მწეველებში არსებობს ფილტვის კიბოს სხვადასხვა ქვეტიპები, რომლებსაც განსხვავებული მოლეკულური თვისებები და ევოლუციური პროცესები აქვთ“, — განმარტავს აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი მარია ტერესა ლანდი.

მისი განცხადებით, ამ ქვეტიპებზე დაყრდნობით, მომავალში შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალებები.

დღეისათვის, მოწევა ფილტვის კიბოს მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიას იწვევს — წელიწადში ორი მილიონი დიაგნოზი დაისმის, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, როგორ ჩნდება ეს დაავადება იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილან მწეველები.

ახალმა კვლევამ ამ საკითხს გარკვეული ნათელი მოჰფინა.

როდესაც მეცნიერებმა სიმსივნის გაყინული ქსოვილების გენომთა სეკვენირება მოახდინეს, 232 არასოდეს მწეველის ნიმუშის, რომლებსაც არაპატარა უჯრედული ფილტვის კიბოს (NSCLC) დიაგნოზი ჰქონდათ (ფილტვის კიბოს ორი მთავარი ტიპიდან უფრო გავრცელებული), შენიშნეს რამდენიმე მუტაცია, რომლებიც ფილტვის ნორმალურ ქსოვილებში არ ჩანდა.

ეს გენეტიკური ცვლილებები ოდნავ სხვანაირად ხდება მწეველებში კიბოს განვითარებისას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავე შეიძლება იყოს ფილტვის დაზიანების ალტერნატიული ფორმა, პოტენციურად რაღაც ისეთი, რაც პიროვნების სხეულში ხდება, მაგალითად, დეფექტიანი დნმ-ის შეკეთება ან ჟანგვითი სტრესი.

იმ 62 არასოდეს მწეველშიც კი, რომლებსაც სხვისი კვამლის სუნთქვა უწევდათ, სიმსივნის ქსოვილში სხვა არასოდეს მწეველთა მსგავსი ხელწერები გამოჩნდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება შიდა, სხეულში მიმდინარე ცვლილებათა პროდუქტია და არა გარემოს სტრეს-ფაქტორების; თუმცა, უნდა აღნიშვნის, რომ საკვლევ ნიმუშთა ზომა შედარებით მცირე იყო.

„საჭიროა უფრო დიდი ზომის ნიმუში დეტალური ინფორმაციით კვამლის სუნთქვის შესახებ, რათა რეალურად შევისწავლოთ სხვების თამბაქოს კვამლის გავლენა ფილტვის კიბოზე არასოდეს მწეველებში“, — ამბობს ლანდი.

კვლევაში მინაწილე პაციენტები ძირითადად ევროპული წარმომავლობის იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეთა გამრავალფეროვნებისთვის საჭიროა კვლევების გაგრძელება.

ასე თუ ისე, ავტორებმა ამ კოჰორტაში ფილტვის კიბოს სამი ახალი კოჰორტა გამოავლინეს.

ყველაზე გავრცელებულ ქვეტიპს მათ „პიანო“ უწოდეს, რადგან მას ყველაზე მცირე გენომური მუტაციები აღენიშნებოდა. ფილტვის კიბოს ეს ქვეტიპი დაკავშირებულია წინაპარ უჯრედებზე, რომელთა დახმარებითაც ფილტვებში ახალი უჯრედები წარმოიქმნება. ამ ტიპის კიბო ნელა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაფიქსირება განვითარებამდე ათი წლით ადრეც არის შესაძლებელი.

მეორე ქვეტიპი ადვილად დასაფიქსირებელი არ არის და ნამდვილად ნელა იზრდება. მას „მეცო-ფორტე“ უწოდეს, რადგან მისი გენომური მუტაციები ოდნავ „მაღალი და ძლიერია“. ამ ტიპის ფილტვის კიბო როგორც ჩანს დაკავშირებულია ზრდის ფაქტორის რეცეპტორ გენში, სახელად EGFR-ში მიმდინარე მუტაციებთან.

არამწეველთა ფილტვის კიბოს მესამე ქვეტიპს „ფორტე“ უწოდეს. გამოირჩევა სრული გენომის მუტაციებით, რაც მწეველთა ფილტვის კიბოშიც გვხვდება.

მიუხედავად ამისა, მისი გენომური ხელწერა ძლიერ არ ემთხვევა თამბაქოს მწეველებისას, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს მეორეული მწეველის ისტორია აქვს.

„ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ სიმსივნეთა განვითარების ამბის გარკვევას. ეს ანალიზები აჩვენებს, რომ არასოდეს მწეველებში, ფილტვის კიბო ჰეტეროგენური, ანუ მრავალგვარია“, — ამბობს ლანდი.

იმის გაგება, როგორ ჩნდება ფილტვის ბუნებრივი კიბოები და როგორ განსხვავდება ისინი მოწევით გამოწვეული კიბოებისგან, გადამწყვეტია, თუკი მათი სათანადო მკურნალობა გვსურს. მეცნიერები უკვე ტესტავენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც EGFR გენში მიმდინარე მუტაციებს იღებენ მიზანში და ერთ მშვენიერ დღესაც, მან შეიძლება დიდი ეფექტიანობა დაამტკიცოს „მეცო-ფორტეს“ ქვეტიპის ფილტვის კიბოთი დაავადებულებში.

მეორე მხრივ, ცოტა უფრო ძნელი სამკურნალო უნდა იყოს „პიანოს“ ქვეტიპი, რადგან მის გენეტიკურ მუტაციებს მრავალი წარმმართველი აქვს, რაც წამლებს მათ მიზანში ამოღებას ურთულებს.

მიუხედავად ამისა, ავტორები შენიშნავენ, რომ თუკი მივაგნებთ ფარმაცევტულ საშუალებას, რომელიც ფილტვის წინაპარ უჯრედთა სიგნალებს მოშლის, მან შეიძლება პიანოს ტიპის სიმსივნის ზრდაც შეაჩეროს.

ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა გაგრძელდება და მომავალში ფილტვის კიბოს პრეპარატების კვლევებს დაეხმარება.

კვლევა ჟურნალ Nature Genetics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cancer.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.