გენადი მარგველაშვილი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩავარდნას გაუგებრობას უწოდებს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნის საკითხი უბრალო გაუგებრობაა.
„ტერმინ „ლიბერალურის“ ქვეშ რაც იგულისხმება, ამ სულისკვეთებას არაფერს ვერჩოდით, საუბარია, ბავშვთა დაცვის კონვენციის იმპლემენტაციაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტთან. ბავშვთა კონვენციის 29-ე მუხლში მკაფიოდ არის გამოყოფილი ეროვნული ტრადიციები, მშობლების როლის გათვალისწინება განათლების სფეროში და ამის გათვალისწინება გვინდოდა. რაც შეეხება ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებს, თუ ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება პოლიტიკური დოქტრინა, მაშინ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკისგან და რელიგიისგან, რაც ერთმანეთს ეწიმააღმდეგება. ბავშვთა დაცვის კონვენციაში ეს ტერმინი არსად არ არის ნაგულისხმევი, მაგრამ ბავშვთა დაცვის კონვენცია ამ სახის ფასეულობებით არის. ამის გადმოტანა გვინდოდა დათქმით, ტერმინის ამოღებას არ ვაპირებდით. უბრალო გაუგებრობა იყო. კანონპროექტმა ბარიერი ვერ გადალახა. უკეთეს ფორმულირებას მოვნახავთ, ისეთს, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. კანონპროექტი ჩავარდა და უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 18 პარლამენტარი, საჭირო იყო 68 დეპუტატის მხარდაჭერა.
კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური“. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.
კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.
კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.