პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა
პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 18 პარლამენტარი, საჭირო იყო 68 დეპუტატის მხარდაჭერა.

სხდომაზე დეპუტატებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია კანონიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების საკითხმა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ითხოვდნენ, კენჭისყრა პირველი მოსმენით ჩატარებულიყო და ტერმინებთან დაკავშირებით მეორე მოსმენაზე ემსჯელათ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ამ საკითხზე ჯერ საერთო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, ადა მარშანიას თქმით, „პარლამენტში ხდება ტერმინოლოგიით მანიპულირება“.

„მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალიან ცუდი რამ ხდება ე.წ. საქართველოს პარლამენტში. აქ ხდება ტერმინოლოგიით მანიპულირება და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული. ჩვენი იდენტობა, ეროვნული ფასეულობები, ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა. გინდათ, რომ ბავშვების გადაგვარების გზაზე დააყენოთ ქვეყანა. არ გამოგივათ ეს ამბავი. აბა რა პრეტენზია გაქვთ გამოჩენილო ლიბერალებო. რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები ჰყავს ქვეყანას, რა დაგემართათ, რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.

ნუკრი ქანთარიას განმარტებით კი, ლიბერალური ნიშნავს თავისუფლებას, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბების შესახებ კი, კანონში ჩანაწერი ისედაც არსებობს. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი სიტყვა ლიბერალურიზე.

„ჩვენ ვითხოვთ, ყველაფერი უფრო გასაგები იყოს. რაც დრო გადის, სიტყვა ლიბერალურს უფრო და უფრო ემატება მთარგმნელები და ავტორები. ზოგისთვის ეს სალანძღავი სიტყვაა, ზოგი ამ სიტყვას არის ამოფარებული. ამიტომ ვთქვით, რომ კანონპროექტში ჩაიწეროს სიტყვა თავისუფლება ყოველგვარი ლათინური ტერმინების გარეშე“, – აღნიშნა ქანთარიამ.