გენადი მარგველაშვილი - საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით
გენადი მარგველაშვილი - საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გახანგრძლივებული არდადეგების ფონზე, სასწავლო პროცესი დისტანციურად განხორციელდეს.

მარგველაშვილმა საქართველოს პირველ არხს მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროსთან დისტანციური განათლების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

„განათლების სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციიდან გამომდინარე, სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სკოლაში არდადეგები პირველ აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა თანაბარი, სრულფასოვანი და ხარისხიანი განათლება მიიღონ ბავშვებმა. სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ გვაქვს, ინტერნეტი ყველა რეგიონში იყოს, ამიტომ, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რაც კი არსებობს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დათანხმდა, მეორე არხის ეთერი გაკვეთილებს დაუთმოს. ეს იქნება ერთ-ერთი და არა – ერთადერთი პროდუქტი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მომავალ კვირაში, ორშაბათს განათლების მინისტრი დამატებით განმარტავს, რა უნდა გააკეთონ სკოლის დირექტორებმა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ კი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი.

„თუ რას ამოირჩევენ ონლაინგაკვეთილებიდან, ეს დამოკიდებულია სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე. პროდუქტი შეთავაზებულია პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე. ცხადია, ბავშვებს სპორტის გაკვეთილებს ვერ მივაწვდით, მაგრამ რაც ფუნდამენტური საგნები იქნება, ეს პროდუქტი მიეწოდებათ. ბევრი სხვა ინიციატივაა. ყველას დამუშავება სჭირდება. მიმდინარეობს მუშაობა“, – დასძინა გენადი მარგველაშვილმა.

საქართველოს განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანამანათლებლო პროექტს იწყებს. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება. პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა.