განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

საქართველოს განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება.

პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა.

პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.

განათლების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები.

პირველი არხი უზრუნველყოფს მსოფლიოს საუკეთესო სტუდიების მიერ მომზადებულ სასწავლო დოკუმენტური ფილმების თარგმნას და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენებას. ასევე გადაწყდა, რომ აღნიშნული პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაგრძელდება შექმნილი ვითარების დასრულების შემდეგაც.