დეპუტატ გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
დეპუტატ გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მარგველაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა მის შვილსაც.

„მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა კორონავირუსი. ჩემს მეუღლეს არ უდასტურდება. ტემპერატურის ცვალებადობა მაქვს 37.3 არის. თავიდან 38.0-ზე მეტი ტემპერატურაც გვქონდა, წნევის თამაში და გულის ფრიალიც მქონდა. პირველ დღეს ღებინების შეგრძნებაც მქონდა. ამას ვამბობ, რომ ადამიანებმა სიმპტომების თაობაზე იცოდნენ. ამ დროისთვის, 37.1 გრადუსი მაქვს. შეიძლება, დღის განმავლობაში 36,8-მდე ჩამოვიდეს და შემდეგ ისევ 37-ზე ადის. მესამე დღეა, ასეთი მდგომარეობა მაქვს. ინფიცირების წყაროს ვერ გიდასტურებთ. საკონტაქტო პირების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე და ამოწმებენ“,- აცხადებს მარგველაშვილი.

დეპუტატის თქმით, სახლში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით მკურნალობს.

„სამწუხაროდ, ქუთაისში ძალიან არის გავრცელებული. მკურნალობას ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით გავდივარ, მისი კონტროლის ქვეშ ვარ. ვარ სახლში და იზოლირებული. თავიდან თავის ძლიერი ტკივილი მქონდა, ახლა თავის ტკივილი აღარ მაქვს. ცოტა ოფლიანობა მაქვს და ეს მაშინებს, რადგან ფილტვების ამბავი მგონია. ჯერ ვიცდი. ექიმის რეკომენდაცია არის მოძრაობა და ვმოძრაობ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სიცხე არ მაქვს, მაინც მოთენთილობა მაქვს. როცა კორონავირუსი დამიდასტურდა, სახლში ვიყავი და გარეთ აღარ გავსულვარ. ვაპირებ, რომ ფილტვები შევიმოწმო. რამდენად მოვახერხებ, ვნახოთ. თუ აუცილებელი იქნება, შეიძლება, კლინიკაში გადასვლა მომიწიოს. ვნახოთ, ფილტვებზე რა შედეგი მექნება. მირჩევნია, რომ სისტემურად თეთრხალათიანის ზედამხედველობის ქვეშ ვიყო. მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩემი მდგომარეობა ისე საგანგაშო არ არის, როგორც სხვების და ამიტომ სახლში ვარ. თუ დამჭირდება, გადასვლაზეც ვფიქრობ“,- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.