მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ინიციატორებს შესაძლებლობა აქვთ, „ზოგადი განათლების კანონში“ ცვლილებები პარლამენტში განმეორებით შეიტანონ
მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ინიციატორებს შესაძლებლობა აქვთ, „ზოგადი განათლების კანონში“ ცვლილებები პარლამენტში განმეორებით შეიტანონ

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ინიციატორებს შესაძლებლობა აქვთ, „ზოგადი განათლების კანონში“ ცვლილებები პარლამენტში განმეორებით შეიტანონ.

„განათლების კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა შეთავაზებას ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებით. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილი არ იქნა დათქმის გათვალისწინებითაც კი. ინიციატორებს შესაძლებლობა აქვთ, ინიცირება ხელმეორედ მოხდეს იმ დათქმის გათვალისწინებით, რაც სადაო იყო. მხარს ვუჭერ როგორც კონვენციის ნაწილს, ასევე ლიბერალურ-დემოკრატიულ ჩანაწერს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 18 პარლამენტარი, საჭირო იყო 68 დეპუტატის მხარდაჭერა.

კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური“. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.